ევროპასა და საქართველოში მწარმოებლები პროდუქტზე ერთსა და იმავე ფასს ვერ შესთავაზებენ - ასე უპასუხა "ფასების კომისიის" წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა რიჟამაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საქართველოში პროდუქტის მაღალი ფასების შესახებ ირაკლი კობახიძის შეფასებას ეხებოდა.
საქმე ისაა, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში ერთი კონკრეტული პროდუქტის ფასი, ევროპაში იმავე პროდუქტის ღირებულებას მნიშვნელოვნად აღემატება და ასეთი პროდუქტის ფასი დაახლოებით ერთნაირი უნდა იყოს.
კითხვაზე შეიძლება თუ არა მწარმოებელ-დისტრიბუტორებისა და მარკეტების ურთიერთობების საკანონმდებლო რეგულირებით, ფასების შემცირებაზე გავლენის მოხდენა, რიჟამაძე პასუხობს, რომ ტექნიკურად ეს შეუძლებელია. ის განმარტავს, რომ ევროპული ქვეყნები პროდუქტების მწარმოებლები თავად არიან, საქართველოს მცირე ბაზრის მეწარმეები კი მომხმარებელს იმავე ფასად სურსათს ვერ შესთავაზებენ.
„პირველ რიგში, სამწუხაროდ, ჩვენ არა ვართ მწარმოებლები და ევროპა თვითონ არის მწარმოებელი. მათ შორის, ევროპის ქვეყნების ბაზრები მნიშვნელოვნად დიდია. მწარმოებლის მიერ 3-მილიონიან ქვეყანასა და 60-70-მილიონიანი ქვეყნისთვის ერთი და იგივე ფასი ვერ იქნება შეთავაზებული და აქ უკვე ფასთა შორის სხვაობა, რა თქმა უნდა, დიდი იქნება. რაც შეეხება იმას, რომ მაგ დონემდე რაიმე ტიპის ცვლილება მოხდეს, ეს ფიზიკურად და ტექნიკურადაც კი შეუძლებელია. საბაჟომდე ტრანსპორტირების გარდა, დამატებით კიდევ სხვა რიგი ხარჯები არსებობს, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. უბრალოდ, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ამ საკანონმდებლო რეგულირების ფარგლებში, რომელიც ფასს არ არეგულირებს, და არეგულირებს მხოლოდ ურთიერთობას, დაწესდება კონკრეტული ზღვრები და ჩარჩოები, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია შეძლებს ფასის დაწევას“, - განაცხადა GDBA-ის ხელმძღვანელმა.
ლაშა რიჟამაძეს ისიც ჰკითხეს - თუ ეთანხმება კობახიძის განცხადებას, რომ ფასნამატში 44% დისტრიბუტორების ნაწილზე მოდის:
„ჩვენ აქ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რაც შეიძლება ბუღალტრულად იყოს ფასის წარმოქმნაში დისტრიბუციის პროცენტი, რაზეც მიგვითითეს. ამ პროცენტიდან ქსელს, რეალურად, სადღაც 50% უკან მიაქვს და სადისტრიბუციო სექტორისთვის, ეს პროცენტი მნიშვნელოვნად სხვა არის“, - უპასუხა რიჟამაძემ.




























