ევროპის 14 ქვეყანაში სალმონელოზის 106 დადასტურებული შემთხვევა სწრაფად მოსამზადებელ არომატიზებულ ლაფშას უკავშირდება. ამის შესახებ ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტო (EFSA) და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრი (ECDC) იუწყებიან, ინფორმაციას კი Euronews ავრცელებს.
ევროპელი სპეციალისტების შეფასებით, სწრაფად მოსამზადებელი არომატიზებული ლაფში ამ დროისთვის ინფექციის გავრცელების ყველაზე სავარაუდო წყაროა. გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ შემთხვევები, დიდი ალბათობით, ერთი და იმავე ბრენდის პროდუქციას უკავშირდება.
ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ავსტრიაში, ჩეხეთში, დანიაში, ესტონეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, უნგრეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, პოლონეთში, შვედეთსა და დიდ ბრიტანეთში. დაავადებულთა უმრავლესობა ბავშვი და ახალგაზრდაა, ხოლო სულ მცირე 49 ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
გამოძიების ფარგლებში გერმანიასა და ლიეტუვაში ჩატარებულმა ლაბორატორიულმა ანალიზებმა Salmonella Stanley-ის შტამი ქათმისა და ცხარე ქათმის არომატის მქონე ლაფშის პროდუქტებში გამოავლინა. სპეციალისტების შეფასებით, ეს შესაძლოა წარმოების ეტაპზე საერთო დაბინძურების წყაროზე მიუთითებდეს, თუმცა გამოძიება კვლავ გრძელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევები პირველად 2025 წლის ნოემბერში გამოვლინდა. პროდუქციის ნაწილი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკვე ამოიღეს ბაზრიდან, თუმცა სპეციალისტები მომხმარებლებს ურჩევენ, სწრაფად მოსამზადებელი ლაფში მხოლოდ ინსტრუქციის შესაბამისად მოამზადონ, რადგან პროდუქტს ხანგრძლივი შენახვის ვადა აქვს და ახალი შემთხვევების გამოვლენა კვლავაც შესაძლებელია.

























