ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ფონზე, თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ბაზრის შემცირებისა და გაზის მარაგების ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შემცირების გამო, ევროპა ზამთარში ბუნებრივი აირის ფასების მკვეთრ ზრდას ელოდება.
Gas Infrastructure Europe-ის მონაცემებით, 5 აგვისტოს მდგომარეობით, ევროკავშირის გაზის საცავები მხოლოდ 57%-ით იყო შევსებული. ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი წლის ამ პერიოდისთვის 2011 წლის შემდეგ, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ თითქმის 70%-იან მაჩვენებელს საგრძნობლად ჩამორჩება.
2025-2026 წლების ზამთრის შემდეგ არსებული დაბალი მარაგები მიმდინარე ზაფხულს სწრაფად ვერ შეივსო, რადგან ირანის ომის ფონზე გლობალური LNG ბაზარი მკვეთრად შეიზღუდა. ამან ფასების მკვეთრი მატება გამოიწვია, აზიამ კი სპოტ მიწოდებებზე ევროპას ფასებით აჯობა. შედეგად, ევროპა დეკემბრის დასაწყისისთვის საცავების 80%-ით შევსების მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევას ვერ ახერხებს.
ანალიტიკოსების შეფასებით, მცირე რეზერვების გამო ფასები ნოემბრიდან მარტამდე პერიოდში მკვეთრი მერყეობის მიმართ მოწყვლადი რჩება, განსაკუთრებით ცივი ზამთრის პირობებში.
„ძალიან ცივი ზამთრის ან ხანგრძლივი ყინვების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს მოთხოვნის შეზღუდვა და ფასების გაზრდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპულ ბაზრებს გაზის მარაგი მთლიანად ამოეწურებათ“, - განუცხადა Reuters-ს Wood Mackenzie-ს ანალიტიკოსმა დევიდ ლუისმა.
WoodMac-ის ანალიტიკოსებმა გასულ კვირას გაფრთხილება გაავრცელეს, რომ ევროპაში გაზის ისტორიულად დაბალი მარაგები საფრთხეს 2026-2027 წლების ზამთრის მიწოდების უსაფრთხოებას უქმნის.
„ევროპაში გაზის მცირე მარაგები, აზიის მხრიდან ძლიერი მოთხოვნა და LNG-ის შეზღუდული მიწოდება პრაქტიკულად გარანტიას იძლევა, რომ მაღალი ფასები მიმდინარე ზამთარში და 2027 წელსაც შენარჩუნდება“, - განაცხადა Wood Mackenzie-ს ვიცე-პრეზიდენტმა მასიმო დი ოდოარდომ.




























