მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროპაში ხორცის ექსპორტისთვის სახელმწიფოსთან შეთანხმებაა საჭირო - რევაზ ვაშაკიძე

რევაზ ვაშაკიძე

მეფრინველეობა „ჩირინას“ დამფუძნებლის რევაზ ვაშაკიძის თქმით, კომპანიის მიერ TUV Austria-ს FSSC 22000 სერტიფიკატის მიღების მიუხედავად, „ჩირინა“ ევროპაში ექსპორტზე ხორცს ჯერ ვერ გაიტანს. ბიზნესმენი BMG-სთან განმარტავს, რომ კომპანიამ ევროპისკენ კარგი გააღო, თუმცა საჭიროა სახელმწიფოსთან შეთანხმება, რათა საქართველოდან ევროპის მიმართულებით ხორცის ექსპორტი დაიწყოს.

რევაზ ვაშაკიძე აღნიშნავს, რომ ევროპის წამყვანი მასერტიფიცირებელი ორგანიზაციის, TUV Austria-ს აღიარება კომპანიას გზას ევროპული ქვეყნების ბაზრებისკენაც უხსნის და დასტურია იმის, რომ „ჩირინა“ ვეტერინარული თუ სხვა აუცილებელი კომპონენტებით ევროპულ მოთხოვნებთან სრულ თანხვედრაშია.

„სერტიფიკატის მისაღებად წარმოების ყველა ეტაპზე საჭიროა გარკვეული წესებისა და ნორმების დაცვა, დაწყებული ქათმის გაზრდიდან, ფერმაში რამდენი წიწილა არის, არ შეიძლება დიდი რაოდენობით იყოს, ასეთი შეზღუდვები არის და როგორ ვექცევით, როგორ ვუვლით. რაოდენობის მხრივაც - როდესაც ერთ კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 18-ზე მეტი ფრთაა, ეს არაბუნებრივად ითვლება და ამიტომ შეზღუდვებია 14-15 ფრინველი ერთ კვადრატულ მეტრზე. ეს უმაღლესი სტანდარტებია. ჩვენ გვაქვს ხორცის გადამმუშავებელი საწარმო და ბევრი კომპანია, მათ შორის, ვისთანაცხლა ჩვენ ვთანამშრომლობთ, ეს სერტიფიკატი ყველას უნდა. სხვა შემთხვევაში არღებენ პროდუქციას“, - აღნიშნავს სერტიფიკატის მიღების მოთხოვნებზე საუბრისას რევაზ ვაშაკიძე.

მეფრინველეობის ხელმძღვანელი ევროკავშირში საქართველოდან ხორცის ექსპორტის დასაწყებად, მთავრობის მხრიდან მეტი აქტივობის აუცილებლობაზე საუბრობს.

სერტიფიკატის მიღება კომპანიის მხრიდან ევროპაში კარის გაღებაა, მაგრამ ევროკავშირს აქვს მთელი რიგი შეზღუდვები, რაზედაც სურსათის ეროვნულ სააგენტოს მოლაპარაკებები ჰქონდა, რომ ჩვენ ვეტერინარული პირობები დაგვეკმაყოფილებინა, არა მარტო კომპანიაში, არამედ მთელ ქვეყანაში. მე რაც ვიცი, დღეს ეს პროცესი შეჩერებულია. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია მარტო საქართველოდან, მხოლოდ თუ შავ ზღვაში რამე დავიჭირეთ, ის გავგზავნოთ. ცხოველების და ხორცის ექსპორტს ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ ვეტერინარული პირობები არ გვაქვს, ეს კი სახელმწიფოთა შორის შეთანხმებას საჭიროებს. მართალია, უკრაინამ, რამდენიმე საწარმომ იქ მიიღო ეს ნებართვა და ექსპორტს აკეთებს ევროკავშირში, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი აქტივობა მთავრობის მხრიდან“, - განმარტა „ჩირინას“ დამფუძნებელმა.

"ჩირინამ" TUV ავსტრიასთან სურსათის უსაფრთხოების FSSC 22000 სერტიფიკატი მიიღო. დოკუმენტით დასტურდება, რომ ამ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტები შეესაბამება სურსათის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. „ჩირინას“ მეფრინველეობის კომპლექსში ამ დროისთვის 180 მლნ დოლარია ინვესტირებული. კომპანია ჩირინამ და მისმა ბრენდმა „ბიუბიუ“ მიიღეს ევროპის წამყვანი მასერტიფიცირებელი ორგანიზაციის დასტური, ეს კომპანიას გზას ევროპული ქვეყნების ბაზრებისკენაც უხსნის. შეგახსენებთ რომ რამდენიმე თვის წინ „ჩირინამ“ მიიღო დასტური ჰალალის სერტიფიკატის სახით, რაც მას უხსნის საექსპორტო არეალს არაბული ქვეყნების ბაზრებისკენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები