მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ევროპაში მშენებლობის სხვა კულტურაა" - ქართული Tesen Group-ი ჩეხეთის ბაზარზე შედის

გიორგი თავართქილაძე

ქართული კომპანია Tesen Group-ი ჩეხეთის ბაზარზე შევიდა.

როგორც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი თავართქილაძემ BMGTV-ის გადაცემა წერტილში განაცხადა, ჩეხეთში ფილიალი უკვე დაარეგისტრირეს.

ოპერირებას 2026 წლის მარტიდან დავიწყებთ. უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები და წლის ბოლომდე ორ კონტრაქტს მოვაწერთ ხელს“, - თქვა მან და იქვე დასძინა, რომ Tesen Group-ი ჩეხეთშიც ინფრასტრუქტურულ პროექტების სფეროში იმუშავებს.

მისი თქმით, საუბარია საავტომობილო გზის მოწყობის ორ პროექტზე და ასევე, ერთ მსხვილ დეველოპერულ ინიციატივაზე.

ერთ-ერთი პროექტი მოიცავს სრულ ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას - წყალგაყვანილობა, წყალარინება, სანიაღვრე სისტემები, გზები, მისასვლელი გზები. ვთანამშრომლობთ ძალიან დიდ საპროექტო ორგანიზაციასთან, რომელთანაც ვახდენთ დიზაინის რევიზიას“, - განაცხადა გიორგი თავართქილაძემ და აღნიშნა, რომ ევროპის ბაზარზე შესვლის მთავარი მიზანი მხოლოდ ბიზნესის გაფართოება არაა.

ევროპაში მშენებლობის სხვა კულტურაა - გვინდა, ეს სტანდარტი საქართველოში დავნერგოთ... Tesen Group-ი ცდილობს ევროპული საინჟინრო კულტურის ათვისებას და მის ქართულ რეალობაში ინტეგრირებას. ევროპაში, იდეურად, მშენებლობის ხედვა სრულიად სხვაა. იქ მუდმივად სიახლეების, გაუმჯობესებისკენ მიდის მუშაობა.

ამდენად, ჩვენი მიზანი მხოლოდ ფილიალის გახსნა არაა - გვინდა, გაიზარდოს კომპანიის ინტელექტი, საინჟინრო გამოცდილება, გადაწყვეტილებების ხარისხი და მშენებლობის ის კულტურა, რასაც იქ ვისწავლით, აქაც გადმოვიტანოთ“, - განაცხადა გიორგი თავართქილაძემ.

ცნობისთვის: “ტესენ ჯგუფი“ საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდანაა. კომპანიამ საქმიანობის სახე რამდენჯერმე შეიცვალა და საბოლოოდ, 2013 წლიდან, სახელმწიფოს დაკვეთით საგზაო სარეაბილიტაციო და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ საქმიანობაში ჩაერთო. დღესდღეობით კომპანიის პროფილს სამოქალაქო მშენებლობის მრავალი მიმართულება, კერძოდ კი ნაპირსამაგრი, საგზაო, გვირაბების, ხიდების მშენებლობა, საცხოვრებელი კორპუსების გამაგრება, და წყალსადენი თუ სანიაღვრე სისტემების მოწყობა წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები