მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში სასტუმროები პერსონალს გამოცდილების, CV-ს და გასაუბრების გარეშე ასაქმებენ - სექტორი ასი ათასობით კადრს ეძებს

62c41eec7df5f
მარიამ ადამია
06.07.22 00:30
1120
სასტუმროების მსხვილი ევროპული ქსელები, კადრებს გამოცდილების, CV-ისა და ყოველგვარი გასაუბრების გარეშე ასაქმებენ. ამის მიზეზი პანდემიის შედეგად ინდუსტრიიდან სამუშაო ძალის მასობრივი გადინება და დაბალი ანაზღაურების გამო, სფეროს სრულად დატოვება სახელდება, რამაც კადრების დეფიციტი გამოიწვია, რაც შესაბამისად მომსახურების ხარისხსაც დაეტყო. ასევე სასტუმროები ახლა ვერ აკმაყოფილებენ პოსტ-პანდემიური მოგზაურობის მოთხოვნას. პრობლემის მოსაგვარებლად კი, მაგალითად, უმსხვილესმა სასტუმროების ქსელმა, Accor-მა სწრაფი გამოსავალი იპოვა და ნაკლებად კვალიფიციურ, ან თუნდაც გამოცდილების არ მქონე სამუშაო ძალასაც ასაქმებს, რომლებსაც გადაამზადებს და შესაბამისი კვალიფიკაციის დაგროვებაში დაეხმარება. ამის შესახებ სტატიას Euronews აქვეყნებს. 

გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის, კომპანია, რომელიც ისეთ ბრენდებს მართავს, როგორიცაა - Mercure, ibis და Fairmont-ი, 110-ზე მეტ ქვეყანაში, 35 ათას თანამშრომელს ეძებს, განურჩევლად სქესისა, თუ წარმომავლობისა და ასაქმებს ყველა დაინტერესებულ პირს. როგორც სასტუმროს დამფუძნებელი სებასტიან ბაზინი ამბობს, მთავარია ადამიანებმა დასაქმების სურვილი გამოთქვან და მათ 24 საათის განმავლობაში აუცილებლად ექნებათ სამსახური. თუმცა მათ 6-საათიანი ტრენინგის გავლა და მთავარი პრინციპების ათვისება მოუწევთ. ტურისტულ ობიექტებში, იქნება ეს სასტუმრო, თუ რესტორნები, პერსონალის დეფიციტი განსაკუთრებით, ესპანეთსა და პორტუგალიაში იგრძნობა, სადაც ტურიზმი პანდემიის შემდეგ აქტიურ ტემპს დაუბრუნდა, თუმცა კადრების დეფიციტის გამო, მომხმარებლები საბოლოოდ, უკმაყოფილოები რჩებიან. პერსონალის მოსაზიდად კი, სასტუმროებმა უკვე დაიწყეს ხელფასების მატება, ასევე კადრებს უფასო განთავსებას, ბონუსებსა და ჯანმრთელობის დაზღვევას სთავაზობენ.

“დღეს ჩვენ ვიწყებთ სასტუმრო ინდუსტრიის შენებას ნულიდან და უნდა ვიბრძოლოთ, რაც შეიძლება ნიჭიერი და საინტერესო კადრები მოვიზიდოთ,” - ამბობს სასტუმრო Melia-ს აღმასრულებელი დირექტორი, გაბრიელ ესკარერი.

გარდა ამისა, ლისაბონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სასტუმროს, Mundial-ის ოპერაციების დირექტორი აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე, სასწრაფოდ სჭირდება 59 კადრის დაქირავება, იმისათვის, რომ სტუმრების რაოდენობა და ხარისხი შეინარჩუნონ, რომლის დაკარგვის საშიშროებაც უკვე დგას და შესაძლოა ვითარება ტურიზმის სექტორისთვის საკმაოდ მძიმე შედეგებით დასრულდეს, თან თუკი გავითვალისწინებთ პანდემიის ფონზე ორწლიან ზარალს. სასტუმროების მსგავსი მდგომარეობაა ბარებსა და რესტორნებშიც. შესაბამისად, კვების ობიექტების ძალიან დიდი ნაწილი სრულფასოვნად მხოლოდ უქმეებზე მუშაობს, როდესაც სტუდენტები, რომლებსაც დამატებითი შემოსავალი სჭირდებათ, ორი დღით სხვადასხვა ობიექტზე მუშაობენ.

”კვირის განმავლობაში ჩვენ ვერ ვხსნით ობიექტს, რადგან კადრები არ გვყავს, სტუდენტები კი სწავლობენ”, - ამბობს მადრიდში მდებარე ერთ-ერთი ბარის დამფუძნებელი.

ესპანეთის ქეითერინგის ასოციაციების თანახმად, ქვეყანაში კვების ინდუსტრიას 200,000 ადამიანი აკლია, ხოლო პორტუგალიურ სასტუმროებში 15,000 მეტ კადრს ეძებენ, რათა მზარდი მოთხოვნა დააკმაყოფილონ. პრობლემის მოსაგვარებლად კი მთავარია დასაქმებულებისთვის ხელფასების მომატება, რომ ადამიანებს სურვილი და მოტივაცია გაუჩნდეთ, ისევ ტურისტულ ობიექტებში დაბრუნდნენ სამუშაოდ.

რაც შეეხება ანაზღაურებას, ისევ ესპანეთი-პორტუგალიის მაგალითზე დაყრდნობითა და ოფიციალური მონაცემებით, ბარებსა და რესტორნებში ანაზღაურება პირველ კვარტალში 60%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მაგრამ ტურიზმის ინდუსტრია მაინც ის სექტორია, რომელიც თანამშრომლებს ყველაზე ნაკლებს, თვეში დაახლოებით 1150 ევროს უხდის. მეზობელ პორტუგალიაში, მოსალოდნელია, რომ წელს სტუმართმასპინძლობის სფეროში დასაქმებულების ხელფასები 7%-ით გაიზრდება, რადგან ამ დრომდე, ინდუსტრიის მთავარი მოთამაშეები საკმარისად არ უხდიდნენ თანამშრომლებს და არც პერსონალის განვითარებაზე იყვნენ ორიენტირებულნი, რამაც გამოიწვია მკვეთრი გადინება და დღეს ყველა ცდილობს პრობლემა რაც შეიძლება დროულად მოგვარდეს. ეს კი აქტიური სეზონის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ცნობისთვის, კადრების დეფიციტზე ჰორეკა სექტორი საქართველოშიც აქტიურად საუბრობს.

“დღეს დირექტორს უფრო მარტივად იპოვი, ვიდრე მიმტანს” - "თაშრე" კადრების დეფიციტზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები