დღეს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით, საგაზაფხულო სესია კომიტეტის სახელი შეცვლის წინადადების განხილვით გაიხსნას.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დასახელება აღარ ასახავს რეალობას, რა რეალობაც დადგა საქართველოში კანდიდატის სტატუსის მონიჭების შემდეგ.
"ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი თვისობრივად ცვლის საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის საქმიანობასაც და თუ ამ დრომდე კომიტეტის ძირითადი მუშაობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას უკავშირდებოდა, ამ ეტაპიდან, ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხები, რასაც პარლამენტის მუშაობა შეეხება ბევრად უფრო ფართო იქნება, ვიდრე მხოლოდ საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებაა.
მომავალი წლიდან, ახალი შემართებით უნდა ვიმუშაოთ, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი საქართველო ევროკავშირს პროგრესს ახლა უკვე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მე, მაქვს ინიციატივა, რომ პირველ რიგში ცვლილება განვახორციელოთ კომიტეტის დასახელებაში. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დასახელება აღარ ასახავს რეალობას, რა რეალობაც დადგა საქართველოში კანდიდატის სტატუსის მონიჭების შემდეგ. გთავაზობთ, საგაზაფხულო სესია ამ ინიციატივის განხილვით დავიწყოთ", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.