მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ევროპელ გემთმფლობელებთან ქართველი მეზღვაურების დასაქმების მაჩვენებელი იზრდება“ - "მერიდიანი"

მეზღვაური

ევროპის ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმების მაჩვენებელი იზრდება. ამ დროისთვის საქართველოში 15 000 რეგისტრირებული მეზღვაურია, რომელთა 90% უცხოელ გემთმფლობელებთან მუშაობს. როგორც საზღვაო საწვრთნელი ცენტრ „მერიდიანის“ დირექტორი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში აცხადებს, იზრდება ევროპის ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ქართველების დასაქმების მაჩვენებელი, რასაც ირაკლი შარაბიძის ინფორმაციით, ხელი შეუწყო რუსეთ-უკრაინის ომმაც. მისი თქმით, გემთმფლობელები უარს ამბობენ რუსეთის მოქალაქეების დასაქმებაზე, ქართველ მეზღვაურებს კი მაღალი რეპუტაციის კომპანიებში დასაქმების შანსი გაუჩნდათ.

„საქართველოში დღეს არცერთი გემთმფლობელი არ არსებობს და მაქსიმუმის გაკეთება გვიწევს, რომ ჩვენი მეზღვაურები იყვნენ კონკურენტუნარიანები და რაც შეიძლება კარგ კომპანიებში მარტივად დასაქმდნენ.

ბოლო წლებში ასეთი ტენდენცია წამოვიდა, რომ აზიის ბაზარს ნელ-ნელა იპყრობს ფილიპინები, ინდოეთი, ვიეტნამი და ჩინეთი. ქართველები გადავდივართ ევროპის მოწინავე გემთმფლობელებთან.

დასაქმების მაჩვენებლის ზრდა რუსეთ-უკრაინის ომმაც განაპირობა. ბევრმა გემთმფლობელმა უარი თქვა რუსეთის მოქალაქეებზე, რამაც პოზიტიურად იმოქმედა ქართველ მეზღვაურებზე. მათ გაუჩნდათ შანსი დასაქმდნენ ევროპელ გემთმფლობელებთან“,- აცხადებს ირაკლი შარაბიძე.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი მოთხოვნა მართვისა და მენეჯმენტ დონის მეზღვაურებზეა, რომელთა ანაზღაურება საშუალოდ 12 000-იდან 16 000 დოლარამდე მერყეობს.

„15 000 რეგისტრირებული მეზღვაურიდან, 90% ყველა დასაქმებულია. მოთხოვნადია მართვისა და მენეჯმენტ დონის მეზღვაურები. ეს არიან კაპიტნები და ოფიცრები, რიგითებზე გარკვეულწილად უფრო დაბალია მოთხოვნა, რადგან რიგითების მოთხოვნას უფრო აზიის ქვეყნების მეზღვაურები ფილიპინელები ვიეტნამელები და ჩინელი მეზღვაურები ფარავენ. დასაქმების მაჩვენებელი მაღალია, მაგრამ მეზღვაურების 20-25% დაბალი რეპუტაციის - თურქულ და ბერძნულ გემთმფლობელებთან საქმდება და შემდგომ ხელფასის მიღების პრობლემები ექმნებათ.

რიგითი მეზღვაურის საშუალო ხელფასი 1500 დოლარია, ხოლო მენეჯმენტის დონის, როგორიცაა კაპიტანი, უფროსი მექანიკოსი, 12 000-იდან 16 000 დოლარამდე. მართვის დონის მეზღვაურების ანაზღაურება 3 500-იდან 5 500 დოლარამდე, რაც საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაა დღეს“,- აცხადებს შარაბიძე.

კონსერვატიული გათვლებით, ქართველ მეზღვაურებს, როგორც სერვისის ექსპორტიორებს ქვეყანაში წლის განმავლობაში დაახლოებით 200 მილიონი დოლარი შემოაქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები