„იბერია ბიზნესჯგუფის“ დამფუძნებლის, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, „სანატორიუმი ლიკანის“ გენერალურ გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს. როგორც მან Bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, აღნიშნული ტერიტორიის განვითარებისთვის ინვესტორი ცენტრალური ევროპიდან შემოიყვანა.
საქმე იმაშია, რომ შპს რაიმონდს, რომელსაც მთავრობამ გასული წლის ოქტომბერში “სანატორიუმი ლიკანი” 16,2 მლნ ლარად გადასცა, მფლობელი გასულ თვეს შეეცვალა. ადრე კომპანიის 50%-იან წილს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ფლობდა. სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად კი, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი შპს "იბერია აზც ორბი" გახდა. აღნიშნული კომპანია 2024 წლის ივნისშია შექმნილი, რომლის დირექტორებს სლოვაკი რობერტ სპისაკი და „იბერია ბიზნესჯგუფის“ დამფუძნებელი და სპორტის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი წარმოადგენენ. კომპანიის 50%-ს ფლობს შპს "სლოვაკ ბიზნეს ჰაუსი".
“ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია შემოვიყვანეთ, ინვესტორი სლოვაკი ჯგუფია, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი წარმატებული სამრეწველო ჯგუფია. მათ ამ დრომდეც განახორციელეს საქართველოში ინვესტიცია, მათ შორის ქობულეთში ციტრუსის ქარხანა განაახლეს და აამოქმედეს, რის შედეგადაც მოსახლეობამ ამოისუნთქა. მეორე ქარხანა კი, რომელშიც მათ ინვესტიცია ჩადეს, სენაკში მდებარე თხილის ქარხანაა.
იგივე ინვესტორთან ერთად ახლა "სანატორიუმი ლიკანის" მასტერპლანის განვითარებაზე მიმდინარეობს მუშაობა. უახლოეს მომავალში ეს პროექტი ცხადი გახდება და ის ადგილი განვითარდება. პროექტი ტურიზმის და იმ რეგიონში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისკენაა მიმართული”, - განმარტა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია დაახლოებით 40 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია. “როცა გენერალური გეგმა გვექნება, ინვესტიციის მთლიანი მოცულობაც გაცხადდება. ვფიქრობთ, გეგმაზე მუშაობას რამდენიმე თვე დასჭირდება და სავარაუდოდ შემოდგომისთვის გვეცოდინება”, - დასძინა მან.
ამასთან, როგორც ტარიელ ხეჩიკაშვილმა აღნიშნა, ის ბოლო პერიოდში ინვესტორების ქვეყანაში შემოყვანაზე მუშაობს და გასული წლის შედეგებიც ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯების ნაყოფია.
“მე საავტომობილო ბიზნესში გადავედი სამეთვალყურეო საბჭოში, პრაქტიკულად მიმდინარე მენეჯმენტით იქ აღარ ვარ დაკავებული, ვინაიდან გადავერთე ინვესტორების შემოყვანაზე. სხვადასხვა მიმართულებით შემომყავს ინვესტორები და გასულ წელს ეს სამი პროექტი განვახორციელეთ. 2025 წელსაც იგეგმება ამ ჯგუფთან და ცენტრალური ევროპიდან სხვა ინვესტორებთანაც მუშაობა. ჩემი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტორი შემოვიყვანო და ქართულ ეკონომიკაში ინვესტიცია ჩავდო”, - განაცხადა მან და კითხვაზე - თუ რა კონკრეტული გეგმები აქვს ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ ამჟამად მოლაპარაკებების სტადიაშია, თებერვალი-მარტი-აპრილის პერიოდში იგეგმება ვიზიტები და ამის შემდეგ უფრო მეტი დეტალის თქმას შეძლებს.