მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპელი სოციალისტები" სახელმწიფო ფარმაცევტული ქარხნის შექმნის ინიციატივით გამოდიან

ვლადიმერ ბოჟაძე

პოლიტიკური ჯგუფი "ევროპელი სოციალისტები" სახელმწიფო ბანკის შემდეგ, სახელმწიფო ფარმაცევტული ქარხნის შექმნის ინიციატივით გამოდიან. ამის შესახებ ჯგუფის დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ინიციატივა მიზნად ისახავს ხარისხიანი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მედიკამენტების წარმოებას სახელმწიფოს გარანტიით, თუმცა არ გულისხმობს სახელმწიფო სააფთიაქო ქსელის შექმნას

საქმე ისაა, რომ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ სახელმწიფო ბანკის დაფუძნების წინადადებით 3 თებერვალს საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე გამოვიდნენ.

დეპუტატის განმარტებით, სახელმწიფოს როლი შემოიფარგლება მხოლოდ წარმოებით და ხარისხზე პასუხისმგებლობით. მისი თქმით, კერძო სააფთიაქო ქსელები ვალდებულნი იქნებიან, გამოყონ ცალკე სივრცე სახელმწიფო წარმოების მედიკამენტებისთვის.

„მედიკამენტებზე ფასები განსაკუთრებით მტკივნეულია. მიუხედავად იმისა, რომ 7000-ზე მეტ მედიკამენტზე გვაქვს რეფერენტული ფასები, ყველაზე მწვავედ მოსახლეობას სწორედ წამლების გაზრდილი ფასები უდგას. ამიტომ „ევროპელი სოციალისტები" გამოვდივართ ინიციატივით, რომ სახელმწიფოში შეიქმნას ფარმაცევტული ქარხანა, რომელიც გამოუშვებს მედიკამენტებს, რომელიც, რა თქმა უნდა, უნდა იყოს აუცილებლად ხარისხიანი, უსაფრთხო, ეფექტიანი და ხელმისაწვდომი.

სახელმწიფოს ამოცანა არ იქნება მოგებაზე ორიენტირება და ფასები ხარისხიდან გამომდინარე, იქნება ისეთი, რომელიც საოცრად ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენი ინიციატივა არ გულისხმობს სააფთიაქო ქსელის შექმნას, არამედ გულისხმობს მხოლოდ მედიკამენტების წარმოებას სახელმწიფოს გარანტიით ხარისხზე პასუხისმგებლობით. რა თქმა უნდა, ყველა სააფთიაქო ქსელი ვალდებული იქნება, ცალკე გამოყოს ადგილი ასეთი მედიკამენტებისთვის, სადაც ფასს განსაზღვრავს სახელმწიფო. შესაძლებელია ქსელებმა გარკვეული ფასნამატი ასევე სახელმწიფოსთან შეთანხმებით დაამატონ, რაც შეიძლება ოპერირების ხარჯებს უკავშირდებოდეს, თუმცა მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ შექმნილი მედიკამენტები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს“, - განაცხადა ბოჟაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები