სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის გასულ 2023 წელს BMGDrive-ის ეთერში რესტორატორი, მერიკო გუბელაძე აჯამებს და აღნიშნავს, რომ სარესტორნო ბიზნესისთვის რენესანსულ წლებთან შედარებით, 2023 წლის სეგმენტი კონტრასტულად განსხვავდებოდა.
“ბიზნესის თვალსაზრისით არ იყო ცუდი წელი, უბრალოდ ემოციურად იყო პირადად ჩემთვის მძიმე, როგორც ბიზნესის მეპატრონისთვის. ჩემთვის ყველა სტუმარი მისაღებია, რა თქმა უნდა, ეს სფერო არ არის პოლიტიკური და, თუ ქვეყანაში ჩამოსულია ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების დიდი ნაწილი, ჩვენთანაც შემოდიან და ვმასპინძლობთ მათ.
მაგრამ წინა წლებთან შედარებით, ძალიან დიდი კონტრასტი შეინიშნებოდა. 2017, 2018, 2019 წლები რენესანსი იყო სტუმარმასპინძლობის სფეროსთვის და ახლა, იმხელა კონტრასტი იყო სტუმრების და სეგმენტის თვალსაზრისით, რომ ამის ყურება ემოციურად ძალიან მძიმე იყო. არ ვფიქრობ, რომ ბიზნესი ბიზნესია და მთავარია რიცხვებს წერს. მე, მჭირდება, რომ მომწონდეს, მაინტერესებდეს და მეამაყებოდეს ჩვენი სტუმრები”, - აცხადებს მერიკო გუბელაძე.
რესტორატორი განმარტავს, რომ ევროპელ და რუს სტუმრებს შორის განსხვავება მათ კეთილგანწყობაში და მოთხოვნილ სერვისებშიც იკვეთება.
“ევროპელი მომხმარებელი არის გაცილებით უფრო მცოდნე, დახვეწილი რეცეპტროებით, ბევრად უფრო კეთილგანწყობილი, მომთმენი. არ არის აუცილებელი, ევროპელ სტუმარს მეფური სერვისი შესთავაზო, რომ კმაყოფილი დარჩეს, მაშინ, როცა ჩრდილოელ მეზობლებს ეს სერვისი მოსწონთ. გვაბრაზებდა მენიუს რუსულ ენაზე მოთხოვნაც, უფრო პრეტენზიული სტუმრები არიან. რა თქმა უნდა, არ ვამბობ ყველაზე, ძალიან ბევრი მათგანი პატივისცემით ეპყრობა შენს სივრცესა და კულტურას, მაგრამ მაინც გამოირჩევიან პრეტენზიებით, რაც ევროპელს არ აქვს.
არც მენიუ გვაქვს რუსულ ენაზე და არ ვფიქრობ, რომ უნდა გვქონდეს. ჩვენთან მომუშავე სტაფის 90%-მა ალბათ არც იცის რუსული ენა, ახალგაზრდები არიან და ინგლისური იციან, აღარ არის რუსულის ცოდნა დღეს აუცილებელი”, - ამბობს რესტორატორი.