მესტიაში მდებარე კაფე “ლაილას” დამფუძნებელი, თამუნა ჯაფარიძე აცხადებს, რომ ევროპელი ტურისტის აზიელით ან სხვა ქვეყნის წარმომადგენლით ჩანაცვლება რთულია. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს ბოლო 30 წელია ევროპისთვის ამზადებდნენ და ახლა, ამ მიმართულებიდან გადახვევა ქვეყნისთვის მარტივი არ იქნება. ჯაფარიძის განმარტებით, არაევროპულ ქვეყნებს სხვა მოთხოვნები და მიდგომები აქვს, რომლისთვისაც სექტორი მზად არ არის.
„წარმოუდგენელი რაღაცაა [ევროპელი ტურისტის აზიელით ჩანაცვლება]. იმიტომ, რომ ჩვენ ევროპისთვის ვიზრდებოდით და პირადად მე, ევროპაში ვსწავლობდი. მე არ ვიცნობ სხვა ქვეყნის ტურისტს. პრობლემები და მიდგომები არის რადიკალურად განსხვავებული. ევროპელი ტურისტი მოდის აბსოლუტურად სხვა ინტერესით, სხვა მოთხოვნებით და სხვა განწყობით.
არის ევროპელი ტურისტი, რომელიც კითხულობს სამთო-სათხილამურო ტურებს, ცხენით გასეირნებას, მუზეუმებს და ა.შ. მაგრამ არის [არაევროპელი] ტურისტი, რომელიც ჩამოდის იმისათვის, რომ სვანეთისგან დიდი და ბევრი კომფორტი მიიღოს, რაც აქ თითქმის შეუძლებელი და წარმოუდგენელია. შემდეგ არის იმედგაცრუებები, საყვედურები. ის, რომ გადავერთოთ ძალიან რთული და თითქმის წარმოუდგენლად მიმაჩნია. ამის ჯერჯერობით არც რესურსი გვაქვს და ვთვლი, რომ მთის კურორტის ვიზიტორის კულტურა, როგორც ევროპელს, ისე დანარჩენი ქვეყნების წარმომადგენლებს არ აქვთ“, - ამბობს კაფეს დამფუძნებელი.
მისივე ცნობით, ქვეყანამ 2028 წლამდე კი არ უნდა დაისვენოს, არამედ ყოველდღიურად, აქტიურად უნდა იმუშაოს, რათა საქართველო ევროპული ოჯახის წევრი რამენაირად გახდეს.