ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების ძირითადი ეტაპი დასრულებულია.
როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, მხარეები ყველა საკითხზე შეთანხმდნენ და მხოლოდ ტექნიკური დეტალები დარჩა დასაზუსტებელი.
"ძირითადი, საკვანძო საკითხები, რაზეც სპეციფიურ მიდგომას ვითხოვდით, გაზიარებული იყო ევროპული მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე საკვანძო მოლაპარაკებების რაუნდი იყო და ახლა შიდა ტექნიკურ საკითხებს გავდივართ. ოქტომბრისთვის ველოდებით ჩვენი წევრობის საკითხის დაყენებას მინისტერიალზე, შესაბამისად, ჩვენ ჩვენი საშინაო დავალება გვაქვს შესასრულებელი მაგ მომენტისთვის, ისევე როგორც – ევროპულ მხარეს და ძალიან პოზიტიურად ვართ ამ მიმართულებით განწყობილნი“, – განაცხადა ვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანებამდე მისთვის გამონაკლისების დაწესებას ითხოვდა, რაც ძირითადად სატრანზიტო საქმიანობას და მეზობელ ქვეყნებთან ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას შეეხება, რომლებიც ენერგოგაერთიანების წევრი ქვეყნები არ არიან. მარიამ ვალიშვილის განმარტებით, ამ საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია.

























