მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ენერგოგაერთიანების არაფორმალური მინისტერიალი საქართველოში არ გაიმართება – მიზეზი

სალომე ჯანელიძე

საქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანაა. საქართველოს ეს სტატუსი პირველად აქვს და თან – ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების საიუბილეო წელს. წელს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებას 20 წელი უსრულდება.

პრეზიდენტი ქვეყნის სტატუსი გულისხმობს, რომ საქართველო თავმჯდომარეობს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში შემავალი 9 ქვეყნის მინისტრთა საბჭოს შეხვედრებს, უფლება აქვს დღის წესრიგში საკუთარი საკითხები დააყენოს და პრაქტიკულად, ყოველდღიურ ურთიერთობაშია ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან.

პრეზიდენტი ქვეყნის სტატუსი ასევე გულისხმობს ფორმალური და არაფორმალური მინისტერიალის ორგანიზებასაც.

როგორც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლობის თავმჯდომარემ საქართველოში სალომე ჯანელიძემ ექსკლუზიურად „ანალიტიკა“–ს განუმარტა, ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, მინისტერიალი ყოველწლიურად დეკემბერში, ვენაში იმართება, ხოლო არაფორმალური მინისტერიალი – წელიწადში ერთხელ, პრეზიდენტ ქვეყანაში.

თუმცა წელს, საქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების არაფორმალურ მინისტერიალს ვერ უმასპინძლებს.

როგორც სალომე ჯანელიძემ „ანალიტიკა“–ს ეთერში განმარტა, „გამომდინარე იქიდან, რომ წლევანდელი წელი ემთხვევა ენერგეტიკული გაერთიანების შექმნიდან 20 წლისთავს, სპეციალური აღსანიშნავი ღონისძიება იმართება ათენში და არაფორმალური მინისტერიალიც ათენში გაიმართება იმიტომ, რომ ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებას სწორედ ათენში მოეწერა ხელი“.

„ანალიტიკა“–ს დაზუსტებაზე, საქართველოს დამატებით ექნება თუ არა შანსი, აქაც გაიმართოს მინისტერიალი, სალომე ჯანელიძე გვეუბნება, რომ მხოლოდ ერთი არაფორმალური მინისტერიალი შედგება და ის ათენში გაიმართება.

სალომე ჯანელიძესთან ინტერვიუმდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი „ანალიტიკა“–სთან ინტერვიუში საქართველოში მინისტერიალის გამართვას არ გამორიცხავდა, თუმცა ეჭვი ეპარებოდა მის ეფექტიანობაში.

„წელს საქართველო არის ევროპის ენერგოგაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ევალება მინისტერიალის შეხვედრის ორგანიზება და დღის წესრიგში გარკვეული საკითხების და თემების დაყენება – თუ როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირის კანონმდებლობის უფრო აქტიურად დანერგვა კლიმატთან, გარემოს დაცვასთან დაკავშირებით და ა.შ. შესაძლოა, ფორმალურად მართლაც ჩატარდეს ჩვენთან მინისტერიალი იმიტომ, რომ რიგითობით გვიწევს ეს და არა რამე განსაკუთრებული დამსახურების გამო, მაგრამ ამ როლს საქართველო დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე როგორ შეასრულებს საკმაოდ რთულად წარმოსადგენია“, – გვითხრა მურმან მარგველაშვილმა.

როგორც სალომე ჯანელიძემ გვითხრა, ევროპის ენერგოგაერთიანება ამ ეტაპზე საქართველოსთან ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს თანამშრომლობას. ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლობის თავმჯდომარე საქართველოში ამბობს, რომ „მთავარი ამოცანაა, ქვეყანამ შეძლოს რეფორმების განხორციელება და რომ მიიღოს გამართული სექტორი, რომელიც იქნება კონკურენტული და სადაც მომხმარებელი იქნება უფრო გაძლიერებული და მეტი შესაძლებლობა ექნება“.

სალომე ჯანელიძის თქმით, საქართველოს ტექნიკური მხარდაჭერა გრძელდება: „წელს რამდენიმე საინტერესო მიმართულება გვაქვს – ერთ–ერთი, მაგალითად, არის თვითმოხმარებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა იმისთვის, რომ სათანადო კანონქვემდებარე აქტები მომზადდეს. ასევე გათვალისწინებულია, მაგალითად, ბიო–საწვავის გამოყენების ხელშეწყობა ქვეყანაში და ერთი ძალიან საინტერესო მიმართულება არის ელექტრომობილების დამუხტვასთან დაკავშირებით – ზოგადად, ელექტრომობილების დამუხტვა სისტემებისთვის საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენს და ჩვენი მიზანი არის, რომ ქვეყანას დავეხმაროთ იმაში, რომ მან ქსელი მოამზადოს, სისტემა მოამზადოს და ასევე, სათანადო რეგულაციები ჰქონდეს იმისთვის, რომ ელექტრომობილების ათვისება ქვეყანაში მასშტაბურად მოხდეს“, – უთხრა სალომე ჯანელიძემ „ანალიტიკა“–ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები