სავაჭრო ომები, ტარიფების მუქარები, საპროცენტო განაკვეთების შემცირებები, - პანდემიის ბუმის შენელების შემდეგ, 2025 წელს მსოფლიოს ეკონომიკა ყველა ამ გამოწვევას წააწყდა და პოლიტიკურმა არასტაბილურობამ თუ მონტეალური პოლიტიკის ცვლილებებმა ნამდვილი ქარბორბალა დაატრიალა.
OECD-ის შეფასებით კი, ხელოვნური ინტელექტი და გაუმჯობესებული ფინანსური პირობები მომდევნო წლებში გლობალური ზრდის ხელშემწყობი იქნება. მიუხედავად ამისა, წარმოების მოცულობებისთვის რისკები კვლავ არსებობს - მათ შორის შრომის ბაზრების შესუსტებაც. რაც შეეხება ზრდის პროგნოზებს, ის ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც გლობალური წესრიგის ცვლილებას უკავშირდება. ამ ცვლილებაზე გავლენას კი, სხვა ფაქტორებთან ერთად, ტექნოლოგიური განვითარება და რესურსებზე დომინირება ახდენს.
უშუალოდ ევრო ზონის ეკონომიკას რომ შევეხოთ, 2025 წელს ის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდით მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას - აშშ-სა და ჩინეთს ჩამორჩებოდა, თუმცა, ამავდროულად, საინტერესოა, რა მოლოდინებია 2026 წლისთვის და როგორ განვითარდება ევრო ზონის ცალკეული ეკონომიკები.
ამ წლის მიწურულისთვის, OECD-ის ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მაღალი ზრდა ირლანდიას აქვს პროგნოზირებული - 10.2% და ოესიდის მიერ, დეკემბერში გამოქვეყნებული "ეკონომიკური პერსპექტივის" ანგარიშის მიხედვით, ეს ზრდა ამერიკული ტარიფების დაწესებამდე, ფარმაცევტული ექსპორტის წინასწარ გაზრდამ განაპირობა.
როგორც გვახსოვს, წლის დასაწყისში გაცხადებული მუქარების შემდეგ, შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 1 ოქტომბრიდან იმპორტირებულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე ტარიფები 100%-მდე გაიზრდებოდა. მაშინ ტრამპი ამბობდა, რომ გამონაკლისი იმ კომპანიებს შეეხებოდათ, რომლებიც წარმოებას აშშ-ში განათავსებდნენ. მიუხედავად ამისა, ევროკავშირი აცხადებს, რომ მისი ექსპორტი წინა სავაჭრო შეთანხმებითაა დაცული, რომელიც ბლოკის საქონელზე ამერიკის ტარიფებს 15%-ზე ამყარებს.
თუმცა, არც ის უნდა გამოგვრჩეს,რომ ირლანდიის ეკონომიკის სტრუქტურის გამო მისი მშპ-ს მაჩვენებელი ხშირად არაზუსტია. დაბალი კორპორაციული გადასახადების შედეგად, ქვეყაანში ბევრი მულტინაციონალური კომპანია მოგებას აფიქსირებს, რაც მშპ-ს ხელოვნურად ზრდის.
ამ გამონაკლისის შემდეგ, ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყნები თურქეთი - 3.6%-ით და პოლონეთი - 3.3%-ით არიან.
რეიტინგის მეორე ბოლოში კი ფინეთია, რომელსაც 2025 წელს ზრდა საერთოდ არ ექნება. ოესიდის განმარტებით, ამას სუსტი სამომხმარებლო ნდობა და ჭარბის მიწოდების გამოსასწორებლად საცხოვრებელი სახლების მშენებლობის მკვეთრი ვარდნა განაპირობებს.
პროგნოზის მიხედვით, ევრო ზონაში რეალური მშპ-ის ზრდა, 2025 წლის 1.3%-დან 2026 წელს ოდნავ, 1.2%-მდე შემცირდება, ხოლო 2027 წელს 1.4%-მდე აიწევს.
რეალურად, 2026 წელს ლიდერის პოზიციებს რამდენიმე ქვეყანა დაიკავებს, მათ შორის როოგორც უკვე აღვნიშნეთ, თურქეთი და პოლონეთი არიან, რომლებსაც ლიტვა - 3.1%-იანი ზრდით მოყვება. ეს სამი ქვეყანა ერთადერთი არიან, რომლებიც გლობალური საშუალო მაჩვენებელს - 2.9%-ს გადააჭარბებენ.
ევროპის ხუთ უდიდეს ეკონომიკას შორის კი მშპ-ის ზრდის პროგნოზით ესპანეთი ლიდერობს - 2.2%-იანი ზრდით ის საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს და ამით მნიშვნელოვნად გადაუსწრებს რეიტინგში მის მომდევნო ქვეყანას - გაერთიანებულ სამეფოს, რომელსაც, პროგნოზებით, 2026 წელს 1.2%-იანი ზრდა ექნება.
რეალურად, ესპანეთის ეს მაჩვენებელი იმითაცაა განპირობებული, რომ მას აშშ-ის ტარიფებზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულება არ აქვს, რადგან შტატებში მისი საქონლის ექსპორტი ესპანეთის მშპ-ის მხოლოდ 1.1%-ს შეადგენწს.
გაერთიანებულ სამეფოში კი მთავრობის ხარჯების შეზღუდვები და გაურკვევლობა ზრდის ტემპს აფერხებს. შრომის ბაზარი კი მცირდება - მაგალითად, სექტემბრამდე ერთი წლის განმავლობაში ანაზღაურებადი დასაქმებულების რაოდენობა, დაახლოებით, 0.4%-ით შემცირდა, ხოლო ვაკანსიების რაოდენობა 14%-ით.
გერმანიას და საფრანგეთს რაც შეეხება - აქ ზრდა, სავარაუდოდ, 1%-ს მიაღწევს, ხოლო იტალიას ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს - ამ უკანასკნელში 2026 წლისთვის მშპ-ის 0.6%-იანი ზრდაა ნავარაუდები.




























