მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით

პარლ

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლების კონგრესმა გამოთქვა შეშფოთება საქართველოს საარჩევნო კოდექსში შემოთავაზებული ცვლილებების გამო და მიუთითა იმ რისკებზე, რაც სისტემის მიმართ ნდობაზე ამ ცვლილებებს შეიძლება ჰქონდეს.

კონგრესის სპიკერმა სტიუარტ დიქსონმა გააკრიტიკა ქართული ოცნების მიერ პარლამენტში დაჩქარებული წესით 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ ინიცირებული პროექტი, რომელიც საკრებულოებში პროპორციული წარმომადგენლობის შემცირებას ისახავს მიზნად. სტიუარტ დიქსონის განცხადებით, ცვლილებებმა შეიძლება დაარღვიონ ნდობა დემოკრატიული პროცესის მიმართ, თქვა მან და აღნიშნა, რომ საარჩევნო კოდექსი 2021 წლიდან 15-ჯერ გადაიხედა, ხშირად ადეკვატური საჯარო კონსულტაციების გარეშე.

"საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მინდა შევახსენო ამ ცვლილებების მსურველებს საარჩევნო სტაბილურობის პრინციპის მნიშვნელობა. ეს პრინციპი გულისხმობს, რომ საარჩევნო სისტემაში ცვლილებები არჩევნებიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა განიხილებოდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როგორიცაა ფართო პოლიტიკური კონსენსუსი, საარჩევნო სტანდარტების შეუსრულებლობის საკითხი და ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და საერთაშორისო რეკომენდაციების შესრულება. თუმცა, საქართველოში არსებული უკიდურესი პოლარიზაციისა და პოლიტიკური დაძაბულობის კლიმატი მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან ასეთი ინკლუზიური და ფართო საჯარო კონსულტაციების მისაღწევად,"- განაცხადა დიქსონმა.

დიქსონმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გადადოს ცვლილებები და ჩაერთონ ინკლუზიურ დიალოგში პოლიტიკურ პარტიებთან, ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მან ხაზი გაუსვა საარჩევნო პროცესებში სტაბილურობისა და მთლიანობის აუცილებლობას, განსაკუთრებით ქვეყნის პოლარიზებული პოლიტიკური კლიმატის ფონზე.

"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კოდექსში ცვლილებები 11 დეკემბერს პირველი მოსმენით მიიღო. ახალი კანონპროექტის მიხედვით, 2025 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იგივე წესით ჩატარდება, როგორითაც 2017 წელს ჩატარდა, ხოლო 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების მიღებული წესები უქმდება. "ქართული ოცნების" ერთპარტიულმა პარლამენტმა კანონი 87 ხმით ერთხმად მიიღო.

"ამ ფორმატის მიხედვით, თვითმმართველი თემის საკრებულო დაკომპლექტდება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისაგან და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა დასახლებიდან, სოფლიდან, დაბიდან, ქალაქიდან, რომლებიც შედის ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული თითო წევრისგან. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 4 000-ზე მეტია, მაგრამ 10 000-ს არ აღემატება, იქნება 2 მაჟორიტარი, სადაც 10 000-ზე მეტია და 20 000-ზე ნაკლები, იქნება 3 მაჟორიტარი, სადაც 20 000-ზე მეტია და 35 000-ზე ნაკლებია, იქნება 4 მაჟორიტარი და სადაც 35 000-ზე მეტია, იქნება 5 მაჟორიტარი. ეს წესი არ ვრცელდება ერთადერთი ქალაქ თბილისზე, სადაც, როგორც გითხარით, აღდგენილი იქნება ის სისტემა, რომლითაც ადრე იყო დადგენილი, რომ იქნება არჩეული 25 პროპორციული სისტემით და 25 მაჟორიტარული სისტემით, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ თითოეული საარჩევნო ოლქი [...] ცესკომ განსაზღვროს, ასე ვთქვათ, თავისი ტერიტორიული პრინციპების მიხედვით დაყოს და, შესაბამისად, თითოეულ საარჩევნო ოლქს რამდენიმე მაჟორიტარი განუსაზღვროს". - განაცხადა კანონპროექტის ავტორმა გივი მიქანაძემ.

მანამდე, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ზუსტად იმ წესით ჩატარდება, როგორითაც 2017 წლის არჩევნები ჩატარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები