ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 2%-ზე დატოვა. გადაწყვეტილება ევროზონის წევრი ქვეყნების ეროვნული ბანკების ხელმძღვანელებმა გუშინ, ფრანკფურტში გამართულ შეხვედრაზე მიიღოს. აღსანიშნავია, რომ ECB-ს მონეტარული პოლიტიკა ბოლო 5 შეხვედრაა არ შეუცვლია. განმარტებისთვის, ევროპის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთზე ყოველ 6-კვირაში ერთხელ მსჯელობს.
ECB-ს პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა მედიასთან საუბრისას ევროპული სახელმწიფოების მთავარი ბანკირების მიერ გატარებული პოლიტიკა შეაქო და თქვა, რომ ისინი ყველა საჭირო ზომას იღებენ, რათა ინფლაციის ზრდა არ დაუშვან. ლაგარდმა ასევე განაცხადა, რომ იანვრის თვეში ევროზონაში საერთო ინფლაცია 1.7%-ით შემცირდა, რაც ენერგეტიკულ პროდუქტებზე ფასების მკვეთრმა ზრდამ განაპირობა. თუმცა ECB-ში მოელიან, რომ წლის მეორე ნახევარში მაჩვენებელი ხანმოკლე პერიოდით ისევ შეიძლება გაიზარდოს. კრისტინ ლაგარდის თქმით, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელების რეგულარული შეხვედრები, მონაცემებზე დაყრდნობით მსჯელობა და მონეტარული სტრატეგიების შეხვედრიდან-შეხვედრამდე განსაზღვრა ევროპის ცენტრალურ ბანკს ეხმარება, უფრო ეფექტური გახდეს და ახალ გამოწვევებს დროულად უპასუხოს.
რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების პარალელურად, ქვეყნების მთავარმა ბანკირებმა 2025 წლის IV კვარტალში დაფიქსირებული შედეგებიც შეაჯამეს. როგორც ირკვევა, ბოლო 3 თვეში ევროპის ეკონომიკა 0.3%-ით გაიზარდა, რასაც ხელი ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიასა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ზრდამ შეუწყო ხელი. მედიასთან საუბრისას კრისტინ ლაგარდმა უარყო მოსაზრება, რომ ევროპა გლობალურ ტექნოლოგიურ რბოლაში დანარჩენ აქტორებს ჩამორჩება და განაცხადა, რომ ევროზონის ქვეყნებში მოთხოვნის ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი სწორედ ინფორმაციული ტექნოლოგიებია.
ECB-ს თებერვლის შეხვედრა პრეზიდენტმა ისტორიულად შეაფასა, რადგან მას პირველად დაესწრო ბულგარეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი. შეგახსენებთ, ქვეყანა ევროზონის წევრი 2026 წლის 1-ელი იანვრიდან გახდა და ოფიციალურად ჩაანაცვლა ეროვნული ვალუტა ევროთი.




























