მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროპისა და აზიის სატრანსპორტო კარკასში 13 სახელმწიფოს შორის საქართველოს წილი დაბალია - TCRC კვლევა

სატრანსპორტო კარკასი

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ევრაზიის გლობალურ სატრანსპორტო ქსელებში საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასების მიხედვით, ევროპისა და აზიის სატრანსპორტო კარკასში 13 სახელმწიფოს შორის საქართველოს საინვესტიციო წილი დაბალია და 2.6 მლრდ დოლარს შეადგენს.

კვლევის შედეგების პირველი ნაწილი TCRC-მ გამოაქვეყნა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ კვლევაში საინვესტიციო მიმზიდველობის თვალთახედვით წარმოდგენილი და შეფასებულია, ევრაზიის ერთიან სატრანსპორტო ქსელში საქართველოს როლი და ადგილი.

"სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების ერთობლიობა ქმნის ერთიანი ევრაზიის სატრანსპორტო ქსელს, მას სხვანაირად ევრაზიის სატრანსპორტო კარკასსაც უწოდებენ.

წარმოდგენილი კვლევის მიზანია, წარმოვაჩინოთ თუ რა სახის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება ევრაზიის სივრცეში, როგორია მათი საინვესტიციო მოცულობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგანაც საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი, ტვირთნაკადების გენერირების თვალსაზრისით მჭიდროდაა დაკავშირებული ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, აქცენტირებულად გვინდა გამოვყოთ ამ ქვეყნებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და მათი საინვესტიციო ტევადობა", - განმარტავენ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, 2025 წლის 1 ივლისის მონაცემებით, ევრაზიის არეალში 234 მილიარდი დოლარის 325 მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების 90% ევროპისა და აზიის სატრანსპორტო დერეფნების არეალში შემავალი რკინიგზებისა და საავტომობილო მაგისტრალების მშენებლობას, რეკონსტრუქციას და მოდერნიზაციას ითვალისწინებს.

ევროპისა და აზიის ერთიანი სატრანსპორტო ქსელის განვითარებაზე მიმართული ინვესტიციების 22 % ცენტრალური აზიის ქვეყნებზე მოდის.

სადღეისოდ ცენტრალურ აზიაში 90 მიმდინარე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტი ფიქსირდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 53 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ცენტრალურ აზიაში სატრანსპორტო ქსელის განვითარებისკენ მიმართული ძირითადი საინვესტიციო რესურსი – 40 მილიარდი დოლარი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის და მისი TRACECA-ს დერეფნის განშტოების განვითარებისკენ მიმართული.

თავდაპირველად რამდენიმე განმარტებაზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება,კერძოდ ევრაზიის სატრანსპორტო კარკასი – განედურ და მერიდიანულ ურთიერთდაკავშირებულ სატრანსპორტო დერეფნების ქსელს წარმოადგენს.

კვლევა ევროპისა და აზიის რეგიონის 13 ქვეყანას აერთიანებს: აზერბაიჯანს, სომხეთს, ავღანეთს, ბელარუსს, საქართველოს, ირანს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, მონღოლეთს, რუსეთს, ტაჯიკეთს, თურქმენეთს და უზბეკეთს.

კვლევის მონაცემები მოიცავს ინფორმაციას ინფრასტრუქტურული პროექტის დასახელების, მისი აღწერილობის, განმახორციელებელი ქვეყნის, სატრანსპორტო დერეფნის, ტრანსპორტის ტიპის, ინვესტიციების მოცულობის, დაფინანსების წყაროების, განხორციელების ვადების, განხორციელების სტატუსის და რიგ სხვა პარამეტრებს.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, 2025 წლის 1 ივლისის მონაცემებით, ევროპისა და აზიის ერთიანი სატრანსპორტო ქსელის განვითარება 325 პროექტს მოიცავს, რომელთა საერთო საინვესტიციო მოცულობა 234 მილიარდ დოლარს შეადგენს.

საქართველოს საინვესტიციო წილი, ევროპისა და აზიის სატრანსპორტო კარკასში გაერთიანებულ 13 სახელმწიფოთა შორის დაბალია და 2.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. რაც ევროპისა და აზიის ერთიანი ქსელის საერთო საინვესტიციო მოცულობის 1.1 %-ია.

კვლევის შედეგების მიხედვით, ევროპისა და აზიის ერთიანი სატრანსპორტო ქსელში გაერთიანებულ საავტომობილო და სარკინიგზო პროექტების საინვესტიციო მოცულობა 213.8 მილიარდ დოლარს შეადგენს, ორივე სატრანსპორტო სახეობის ჯამური საინვესტიციო ტევადობა 91.3%-ია.

დანარჩენი ინვესტიციები მიმართულია აეროპორტების, ლოგისტიკური ცენტრების, მოძრავი შემადგენლობის, სამდინარო ტრანსპორტის, სასაზღვრო გადასასვლელების ინფრასტრუქტურის აღჭურვაში.

ტრანსპორტის სახეობების მიხედვით, ევროპისა და აზიის სატრანსპორტო კარკასის ინვესტიციების 46 % საავტომობილო გზების მშენებლობაზე, 45% კი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე მოდის.

რკინიგზა ევროპისა და აზიის ერთიანი სატრანსპორტო ქსელის შესაქმნელად მეორე, ყველაზე კაპიტალდაბანდებადი სეგმენტია. რკინიგზის მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის პროექტები 105.2 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს მოითხოვს.

სატრანსპორტო დერეფნის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დანახარჯები დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის ზომაზე და მისი ეკონომიკის მასშტაბებზე.

კვლევის მიხედვით, ამ კომპონენტის გათვალისწინებით, სატრანსპორტო დერეფნების მოდერნიზაციაზე დანახარჯები მშპ თან ფარდობით, ყველაზე მაღალია აქვს ტაჯიკეთს, ავღანეთს და ყირგიზეთს, აღნიშნული მაჩვენებელი ასევე საკმაოდ მაღალია სომხეთსა და მონღოლეთში.

ამ ქვეყნებში ინვესტიციების მშპ თან ფარდობის მაღალი პროცენტული მაჩვენებლები განპირობებულია ახალი ფართომასშტაბიანი – ფინანსურად ტევადი სატრანსპორტო პროექტების განხორციელებით.

"საქართველოში, ბოლო წლებში 0.3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პროექტი, პრაქტიკულად არ განხორციელებულა, ამიტომაც საქართველოში ინვესტიციის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი რეგიონში ერთ – ერთი ყველაზე დაბალია", - ნათქვამია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის შეფასებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები