ხილის სპირტის საწარმო „გრადო“ არსებობიდან 2 წლის თავზე ევროკავშირის ქვეყნებში უმსხვილეს ექსპორტიორ კომპანიებს შორის 21-ე ადგილს იკავებს. ამის საწინდარად „გრადოს“ დამფუძნებლები უმაღლესი ხარისხის სტადრატების დაცვას და ამ გზით ევროკავშირის ბაზრების ათვისებას ასახელებენ. კომპანიის დამფუძნებელი გიორგი გობეჩია განმარტავს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით, ევროპელი პარტნიორები გასატანი პროდუქციის 30-50%-ს წინასწარ რიცხავენ, რაც მათ ფინანსურად მნიშვნელოვან დახმარებას უწევს.
„ორიენტაცია ევროპულ და ამერიკულ ბაზარზე გამომდინარეობდა იქიდან, რომ კონტრაგენტები ამ ბაზრებზე არიან ძალიან კარგი გადამხდელები. ფაქტობრივად ისინი ავანსირებას უკეთებენ ჩვენს საწარმოო პროცესს, 30%-50%-მდე ავანსებს გვირიცხავენ წინასწარ. ასეთი მიდგომა არ არსებობს არც რუსეთის და არც ზოგადად პოსტსაბჭოთა ბაზრებზე. პირიქით, ამ ბაზრებზე შენ უნდა იყო მათი დამფინასებელი, შენი პროდუქცია უნდა მიაწოდო და საუკეთესო შემთხვევაში გაგზავნილი პროდუქციის პირველ ფულს 2 და 4 თვის მერე ღებულობ. ეს კი მოითხოვს რომ საწარმოს ჰქონდეს ძალიან დიდი საბრუნავი თანხები, რაც საქართველოს შემთხვევაში საკმაოდ რთულია.“ -განმარტავს „გრადოს“ გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი გიორგი გობეჩია.
კომპანიაში ასევე აქცენტს აკეთებენ დისიეფტიეის ფარგლებში იმპორტის გადასახადისგან გათვასუფლებაზე და აცხადებენ, რომ იაფი მუშა ხელისა და იაფი ენერგომატარებლების დახმარებით საქართელოში ნაწარმოებ პროდუქციას ევროპის ბაზარზე დიდი უპირატესობები აქვს. ამისთვის კი მთავარი შესაბამისი ბაზრების მოძიება და მათზე მორგებული შეთავაზებების გაკეთებაა.
„პირველ რიგში უნდა დარწმუნდნენ, რომ შენ აკეთებ იგივე სტანდარტით და იგივე ხარისხით და ამის შემდეგ იწყებენ შენთან საუბარს. მეორე შემადგენელი ნაწილია ფასი. ჩვენი ნედლეული, მუშა ხელი, ენერგო მატარებლები გაცილებით იაფია და ამიტომ თვითღირებულებაც და გასაყიდი ფასიც იაფია. მესამეა ის რომ ასოცირების ხელშეკრულება იძლევა იმის საშუალებას, რომ პროდუქციას რომელიც მიდის საქართველოდან ევროპაში განთავისუფლებულია იმპოტის გადასახადისგან ეს 10%-15%-ია ხანდახან, გააჩნია ქვეყანას, რაც საკმაოდ დიდი შეღავათია. ამ ყველაფრის მისაღწევად კი აუცილებელია თავშივე გქონდეს მათთან კომუნიკაციის საშუალება, უნდა ჩახვიდე, დაესწრო მათ გამოფენებს, ეცადო რომ გააკეთო მათზე მორგებული შეთავაზებები და ყველაფერი ამის შემდეგ იღებ ძალიან დიდ შეღავათებს.“ - განმარტა გობეჩიამ.