„ევროპული ბიზნეს ასოციაციის“ წევრმა კომპანიებმა სხვადასხვა სექტორულ ბიზნეს ასოციაციებთან და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, „შრომითი რეგულაციის“ საკითხებზე სამუშაო ჯგუფი შექმნეს და პირველი შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე კომპანიებმა შრომითი რეგულაციების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
როგორც bm.ge-ის „ევროპული ბიზნეს ასოციაციის“ დირექტორის მოადგილე მარიამ ქუჩულორიამ განუცხადა, შეხვედრის ინიციატივა „ევროპული ბიზნეს ასოციაციის“ წევრი კომპანიებისგან წამოვიდა, რადგან მათ კანონმდებლობასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ.
„შეხვედრის თემა ეხებოდა არა მარტო შრომის უსაფრთხოებას, არამედ სხვა დაგეგმილ ცვლილებებს შრომის კანონმდებლობაში. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეკონომიკური პოლიტიკის კოალიციისთვის მიგვემართა, სადაც 70-მდე ბიზნეს ასოციაციაა გაერთიანებული. მათ შორის სექტორული ასოციაციები, როგორიც არის - დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ბიზნეს ასოციაცია და შევთავაზეთ, რომ ამ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა მათაც მიეღოთ. აღმოჩნდა, რომ საკითხი ყველასთვის საკმაოდ საინტერესო იყო,“ - განაცხადა მარიამ ქუჩულორიამ.
„ევროპული ბიზნეს ასოციაციის“ დირექტორის მოადგილის თქმით, შეხვედრაზე გამოიკვეთა ისეთი საკითხებიც, რაზეც ბიზნესი წუხილს გამოთქვამს.
მისივე განმარტებით, ბიზნესს შრომითი უსაფრთხოების რეგულაციების მიღებაზე პრობლემა არ აქვს, თუმცა მეტ დეტალს ითხოვენ.
„აღმოჩნდა, რომ ბიზნესს მეტი განმარტება სჭირდება თუ რა სახის რეგუალციებია, რატომ არის და როგორ უნდა იმოქმედოს ბიზნესმა? შეხვედრაზე იყვნენ ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიცაა: „დიო“, „ენერგო პრო ჯორჯია“, „მაგთი“ და „სოკარი“. ბიზნესს შრომით რეგულაციებზე სახელმწიფოსთან მეტი კომუნიკაცია სჭირდება. შეხვედრაზე საუბარი ნარდობის და შრომითი ხელშეკრულების გამიჯვნის საკითხებზეც იყო, რომელიც ახალი ცვლილებებით არის გათვალისწინებული,“ - აღნიშნა მარიამ ქუჩულორიამ.
„ევროპული ბიზნეს ასოციაციის“ განცხადებითვე, სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მონაწილეებმა მათთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა საკითხები წამოჭრეს და დასვეს კითხვები: საიდან მომდინარეობს პრობლემა? პრობლემა არის კანონმდებლობა? რამდენადაა პრობლემა სახელმწიფო ორგანოებთან კომუნიკაცია? ასევე, არის თუ არა ცნობიერების პრობლემა სახელმწიფოს/თანამშრომლების მხრიდან?
„აღმოჩნდა, რომ წამოჭრილი საკითხებიდან განსაკუთრებით პრობლემური სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის ხარისხია. რაც შეეხება სამომავლო მიზნებს, „ევროპული ბიზნეს ასოციაციის“ ეგიდით აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების შეხვედრა იგეგმება“, - აღნიშნა ქუჩულორიამ.

























