ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრები ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდებიან. როგორც bm.ge-ს ასოციაციიდან აცნობეს, შეხვედრა შეეხება ურთიერთობების გაღრმავებისა და ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ მოსაზრებების გაცვლას.
ამასთან, ევროპული ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე, ჯონ ბრაეკეველდტი წარადგენს ევროპული ბიზნეს ასოციაციის საქმიანობის წლის შემაჯამებელ ანგარიშს. ასოციაციის აღმასრულებელი გუნდი შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარებს მიმდინარე პროექტებს და უკვე მიღწეულ სინერგიულ შედეგებს. ევროკავშირის ელჩი შეხვედრის მონაწილეებს გააცნობს ბიზნესისთვის რელევანტურ ევროკავშირის პრიორიტეტებს და სამომავლო გეგმებს.
ღია დიალოგის რეჟიმში განიხილება ბიზნესის საჭიროებები სხვადასხვა სექტორისთვის, მათ შორის კრეატიული, საბანკო, სადაზღვევო, საფინანსო, სამშენებლო, სოფლის მეურნეობის და წარმოების.
შეხვედრა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ევროპული ბიზნესისა და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში იმართება, რომელიც მიზნად ისახავს ხელსაყრელი სოციალურ-ეკონომიკური კლიმატის და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს განვითარების ხელშეწყობას, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოში ინვესტირებას.