მთავრობის გადაწყვეტილებით, მედიკამენტების ფასის რეგულირების მექანიზმი 2023 წლის იანვრიდან ამოქმედდა. რეფერენტული ანუ სახელმწიფოს მიერ მითითებული საბითუმო და საცალო ფასი შერჩეულ რეფერენტულ ქვეყნებში მედიკამენტებზე არსებული ყველა ფასის საშუალოს მიხედვით დგება. რეფერენტულ ქვეყნებად ბულგარეთი, მაკედონია, მონტენეგრო და ლატვია როგორც გეოგრაფიული პარამეტრის, ისე ეკონომიკის ზომის მიხედვით შეირჩა. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია ამბობს, რომ ბიზნესისთვის ეს რეფორმა წარმატებულად ვერ ჩაითვლება რამდენიმე არგუმენტის გამო.
მთავარი, რაზეც ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია საუბრობს, მეთოდოლოგიაში არსებული ხარვეზი და არასწორად გამოყვანილი რეფერენტული ფასია. მათი შეფასებით, მედიკამენტების ფასების რეგულირების შედეგია მწვავე დეფიციტის რისკი და მოცემულობა, როცა ევროპულ, ბრიტანულ და ამერიკულ მედიკამენტებს ბაზარზე აზიური წარმოების სამკურნალო საშუალებები ანაცვლებს.
ასოციაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბაზარზე 1200 მედიკამენტის მწვავე დეფიციტია. ეს ნიშნავს, რომ სააფთიაქო ქსელებს მედიკამენტების მარაგი ეწურებათ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურის განცხადებით: „ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ბაზარზე არსებული სრული სურათი დავინახოთ, შესაბამისად გეტყვით, რომ ევროპული მედიკამენტების იმპორტი შემცირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
შეიძლება კონკრეტული მედიკამენტის შემოსვლა აღარ ხდება, მაგრამ ამ კონკრეტულ ჯგუფში ევროპული მედიკამენტების იმპორტი აუცილებლად არის და ყველა მედიკამენტზე, რომლის იმპორტიც შეფერხდა დეტალურ ინფორმაციას ვიღებთ ფარმაცევტული კომპანიებიდან, ასევე რეგულირების ნაწილში ჩვენ გვაქვს გამონაკლისი შემთხვევის უფლება, როცა სახელმწიფო ინტერესში შედის, რომ კონკრეტული მედიკამენტები აუცილებლად შემოდიოდეს და მას სხვა ჩამნაცვლებელი არ აქვს.
კომისიას აქვს უფლება განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს და 5 შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ კონკრეტულ მედიკამენტთან დაკავშირებით ქვეყანაში არ შექმნილიყო დეფიციტი, ამიტომ სპეკულაციას ამ მიმართულებით ჩვენ არ მივიღებთ. რეფერენტული პოლიტიკა საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს“, - განუცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა bm.ge-ს.