მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპული ქალაქები, სადაც განსაკუთრებით ლამაზი საშობაო ბაზრობები ეწყობა

5de6bdf9ee24f
BM.GE
04.12.19 00:20
2318
არის ქალაქები, სადაც საშობაო განწყობა განსაკუთრებით იგრძნობა. CNN-ი გვთავაზობს საუკეთესო ქალაქებს, რომლებსაც გამორჩეულად ლამაზი საშობაო ბაზობები აქვთ. 17 საშობაო ბაზრობიდან, 15 ევროპის ქალაქებში მდებარეობს. მათი ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

სტრასბურგი, საფრანგეთი
სტრასბურგი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძველი საშობაო ბაზრობის ქალაქია. აქ პირველი საშობაო ბაზრობა 1570 წელს გაიმართა. წელს, ამ ქალაქში ბაზრობები 10 ადგილას იქნება მოწყობილი.

ვენა, ავსტრია
ძალიან ცოტა ქალაქში იგრძნობა ისეთი სადღესასწაულო განწყობა, როგორც ვენაში. ავსტრიის დედაქალაქში პირველი საშობაო ბაზრობა 1298 წელს გაიმართა. მთავარი ბაზრობა დღესდღეობით ქალაქის მერიასთან ეწყობა, სადაც 150-ზე მეტ დახლს დაათვალიერებთ. წელს, ვენის საშობაო ბაზრობა 16 ნოემბერს გაიხსნა და 24 დეკემბრამდე გაგრძელდება.


პრაღა, ჩეხეთი
პრაღაში ორი მთავარი საშობაო ბაზრობაა, ერთი ძველ ქალაქში მთავარ მოედანზე და მეორე ვაცლავის მოედანზე, ისინი ერთმანეთისგან ხუთი წუთის სავალზე მდებარეობს. ამიტომაც ორივეს ერთ დღეში დათვალიერება თავისუფლად შესაძლებელია. პრაღის საშობაო ბაზრობებზე ჩეხული ძეხვეულის დაგემოვნებაა შესაძლებელი.

ფლორენცია, იტალია
ყოვლწლიური საშობაო ბაზრობა ფლორენციაში, როგორც წესი, 20 დეკემბერს იხსნება. იგი სანტა კროჩეს ბაზილიკასთან ეწყობა, რომელიც შესანიშნავი ადგილია იმისათვის, რომ შეიგრძნოთ საშობაო განწყობა.

კრაკოვი, პოლონეთი
თუ ვინმეს თეთრი საშობაო ბაზრობის ნახვა სურს, მაშინ კრაკოვში უნდა წავიდეს, ვინაიდან როგორც წესი, ამ ქალაქში მთელი დეკემბრის განმავლობაში თოვს, დათოვლილი ბაზრობა კი საშობაო განწყობას კიდევ უფრო ჯადოსნურს ხდის.

ბირმინგემი, დიდი ბრიტანეთი
ინგლისის სიდიდით მეორე ქალაქში ტრადიციული საშობაო ბაზრობა ყოველ წელს ეწყობა. იგი 7 ნოემბერს იხსნება ვიქტორიას მოედანზე და 23 დეკემბრამდე გრძელდება. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაფერი, დაწყებული სამკაულებით და ხელნაკეთი სათამაშოებით დამთავრებული.


კოპენჰაგენი, დანია
კოპენჰაგენში საშობაო ბაზრობის გარდა, სინათლის  სამი სხვადასხვა შოუს ნახვის შესაძლებლობაა, რომელსაც ქალაქის რამდენიმე წერტილში სადღესასწაულო მუსიკაც ერთვის თან.

ბერლინი, გერმანია
ბერლინს საშობაოდ განსაკუთრებით ბევრი ტურისტი სტუმრობს, ერთ-ერთი მიზეზი სწორედ საშობაო ბაზრობებია, სადაც სტუმრებს გერმანული ძეხვეულის და ცხელი ღვინის დაგემოვნება შეუძლიათ.


ბრიუსელი, ბელგია
ევროპის დედაქალაქში საშობაო განწყობა მხოლოდ ბაზრობებზე არ იგრძნობა, აქ თითქმის ყველა კუთხეში შეხვდებით ულამაზეს დეკორაციებს და სტენდებს, სადაც ვიზიტორებს "გლინტვეინით", ბელგიური ვაფლითა და ლუდით უმასპინძლდებიან.

ბარსელონა, ესპანეთი
ამ ქალაქში მთავარი საშობაო ბაზრობა კათედრალის წინ იმართება, სადაც 300 დახლია წარმოდგენილი. აქ ყიდიან საშობაო დეკორაციებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, სამკაულებს, სათამაშოებს და სხვა ნივთებს. საშობაო ბაზრობა ნოემბრის ბოლოს იხსნება და ქრისტესშობის ღამემდე გრძელდება.

ბუდაპეშტი, უნგრეთი
ბუდაპეშტის ცენტრში ზამთრის საშობაო გამოფენა ყოველ წელს ეწყობა. ბაზრობაზე მსურველს უამრავი საშობაო საჩუქრის ყიდვის შესაძლებლობა აქვს.

სტოკჰოლმი, შვედეთი
სტოკჰოლმის ცენტრში ტრადიციულად საშობაო ბაზრობის გარდა, იმართება სხვადასხვა ღონისძიებებიც.

ზაგრები, ხორვატია
ხორვატიის დედაქალაქი საშობაოდ ვიზიტორებს უამრავ გასართობს სთავაზობს, მათ შორის ბაზრობებს, ღონისძიებებს, შეჯიბრებს, ღია ცის ქვეშა კონცერტებს.

ტალინი, ესტონეთი
საშობაო ბაზრობებით გამორჩეულია ესტონეთის დედაქალაქიც. ყოველ წელს ცენტრალურ მოედანზე ხის ჯიხურებს დგამენ, სადაც მსურველს ესტონეთის სამზარეულოს დაგემოვნების და სუვენირების ყიდვის შესაძლებლობა ეძლევა.

ბაზელი, შვეიცარია
ბაზელის საშობაო ბაზრობა ერთ-ერთი გამორჩეულია მთელ ევროპაში. წელს ოფიციალურად ბაზრობა 28 ნოემბერს გაიხსნა. გამორჩეულად გაფორმებული დახლები და შვეცარიული ტკბილეული - ეს ისაა, რასაც ბაზელის საშობაო ბაზრობა ვიზიტორებს სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები