COVID-19-ის შემთხვევების ზრდისა და ომიკრონის შტამის გავრცელების ფონზე, ევროპის ქვეყნები, ახალ სანიტარიულ შეზღუდვებს აწესებენ. ამჯერად საუბარია კონტროლის გამკაცრებაზე, რომლებიც აუცრელი მოქალაქეებისთვის ამოქმედდება.
მაგალითად, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ, სანიტარული საშვის სისტემის გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და კანონპროექტის მიხედვით, მხოლოდ მათ, ვინც სრულად არის აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, შეეძლებათ კაფეების, რესტორნების, მუზეუმებისა და კინოთეატრების მონახულება და ასევე მოგზაურობა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქვეყანაში ყველა არ იზიარებს და ამბობენ, რომ ინიციატივა რესპუბლიკის ფუნდამენტურ კანონთან შეუსაბამოა. მთავრობის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ახალი წესების შემოღებას 20 იანვრიდან გეგავენ.
ამავდროულად, საბერძნეთის მთავრობამ დააწესა ყოველთვიური ჯარიმები 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, რომლებმაც არ მიიღეს კორონავირუსის ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, სანქციები ემუქრება ასიათასობით ბერძენს.
აღნიშნული ზომების მოწინააღმდეგეები კი ჩივიან, რომ რთულია ხელისუფლების მოთხოვნების პრაქტიკაში შესრულება:
„11 იანვარს დავრეგისტრირდი აცრის ჩასაწერად, მაგრამ 31-მდე არ მომცეს საშუალება. რატომ არ ამცრეს 11, 12 ან 13 იანვარს? ჩემი ბრალი არ არის, რომ დაგვიანებით ვიცრები, მაგრამ ჯარიმა მაინც უნდა გადავიხადო“, - აცხადებს Euronews-თან საუბრისას საბერძნეთის მოქალაქე.
რაც შეეხება ნიდერლანდებს, ამსტერდამის ქუჩებში, სანიტარული ნორმების გამკაცრების წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გაერთიანდა, რომლებიც ითხოვდნენ დეკემბერში დაწესებული ლოქდაუნისა და მკაცრი შეზღუდვების მოხსნას. აქციამ შედეგი გამოიღო და მთავრობამ პოლიტიკა შეარბილა, თუმცა რესტორნები და კულტურული დაწესებულებები, მინიმუმ 25 იანვრამდე რჩება დახურული.