"ევროპული კავშირი გააგრძელებს მოლდოვას რესპუბლიკისთვის ყველა საჭირო დახმარების გაწევას" - ამის შესახებ ევროპული საბჭოს სხდომის დასკვნით დოკუმენტში ვკითხულობთ.
ევროკავშირის ლიდერებმა მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს საკითხებზე გუშინ, 27 ივნისს, ბრიუსელში გამართულ სამიტზე იმსჯელეს.
"ევროპული კავშირი გააგრძელებს მოლდოვას რესპუბლიკისთვის ყველა საჭირო დახმარების გაწევას, რათა დაეხმაროს იმ გამოწვევებთან ბრძოლაში, რომელიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად გაჩნდა, და გააძლიეროს ქვეყნის გამძლეობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა რუსეთის მიერ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შეტანის მცდელობის პარალელურად, მათ შორის, შემოდგომაზე არჩევნებისა და რეფერენდუმის კონტექსტში.
ევროპული საბჭო მიესალმება წევრი ქვეყნების ორმხრივ შეთანხმებას, მხარი დაუჭიროს ევროკავშირის თანამშრომლობის მისიას მოლდოვაში, რათა გააძლიეროს თავდაცვის სექტორის გამძლეობა.
ევროპული საბჭო ასევე მიესალმება მოლდოვას რესპუბლიკისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოს დამტკიცებასა და პირველ მთავრობათაშორისი კონფერენციის გამართვას. ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას მოლდოვასთან, და მხარს დაუჭერს მის რეფორმებს და ძალისხმევას ევროპულ გზაზე", - ნათქვამია დოკუმენტში.
ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებები ოფიციალურად 25 ივნისს გაიხსნა, პირველი მთავრობათაშორისი კონფერენცია კი ლუქსემბურგში გაიმართა.