„ევროპული-საქართველო“ „თიბისი ბანკის“ საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.
ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ინიციატივა „ევროპული-საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ დააყენა.
„თქვენ ახსენეთ 2018 წლის ივნისი ანუ ეს არის მომენტი, როდესაც მაისში გიორგი კვირიკაშვილი გადადგა თანამდებობიდან, ინიშნება ახალი პრემიერი და შემდგომ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი უწყებები შემოდიან. თქვენ ახსენეთ შემოსავლების სამსახური, ეროვნული ბანკი, მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ფინანსური მონიტორინგის სამსახური და ახსენეთ ასევე პროკურატურა. ამას დაუმატეთ შემდგომ ჰაკერული შეტევა, რომელზეც დაადგინეთ ვინაობა , მაგრამ გამოძიება წინ ვერ მიდის როგორც აღნიშნეთ. ამას დაერთო თქვენი თხოვნა, როცა გაიგეთ, რომ ფულის გათეთრებაზე მიდიოდა გამოძიება, არ გახმაურებულიყო ინფორმაცია კონტრაქტის გამო, მაგრამ ეს ინფორმაცია მაინც გახმაურდა. პროკურატურა გამოვიდა პრაქტიკულად შავი პიარის განმახორციელებელი ორგანოს როლში. ამას ზედ დაერთო სამთავრობო ტროლები, რომელიც ახსენეთ, სოციალური მედია ანუ პრაქტიკულად ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც აქვს ხელისუფლებას. ვიგულისხხმე აღმასრულებელი ორგანოები, დამოუკიდებელი რეგულატორი ეროვნული ბანკი, მართლმსაჯულების ორგანოები, მედიასაშულებები.
ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია „თრანსფარენს ინტერნეიშენალის“ ბერლინის ოფისი საუბრობს სახელმწიფოს მიტაცების თაობაზე, როდესაც გვაქვს რეალობა, რომ არაფორმალური მმართველი, დღევანდელი პარტიის თავმჯდომარე არის პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ბიძინა ივანიშვილი მყავს მხედველობაში, რომელმაც ასევე ინტერვიუში თქვენ ბრალი დაგდოთ უმადურობაში, როდესაც ის საუბრობდა ვანო ჩხარტიშვილსა და თქვენს შორის სასამართლო დავის ირგვლივ.
ამ ყველაფრის კონტექსტში, თქვენ ვის უკავშირებთ, ვინ დგას ყველა ამ სახელმწიფო ინსტიტუტის და სახელისუფლებო რგოლის უკან, ამავე დროს გთხოვთ, რომ გვითხრათ, იმ მაღალჩინოსნის ვინაობა, ვინც თქვენთან წერილებს აგზავნიდა შანტაჟის ენით, რაც აღნიშნეთ. ასევე, რომ გვითრხათ იმ ოფისის მისამართი, რომელიც იყო განხორციელებული ჰაკერული შეტევის იარაღი.
„ევროპული-საქართველო“ მზად არის, ყველა პროცედურების დაცვით მოითხოვოს სპეციალური საპარალამენტო კომისიის შექმნა, რომელიც დეტალურად შეისწავლის თქვენთან დაკავშირებულ საკითხს“, - აცხადებს ოთარ კახიძე.

























