საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებული საქმიანობისა და კონკურენტუნარიანობისთვის პროდუქციის მაღალი ხარისხი ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დამოუკიდებელი, ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ დადასტურება.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერი კომპანიის, „საქკაბელისა“ და “ჩეხეთის ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტის” (EZÚ) თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც „საქკაბელის“ მიერ წარმოებულმა სხვადასხვა ტიპის საკაბელო პროდუქციამ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიცირება წარმატებით გაიარა.
„საქკაბელისთვის“, რომელიც საკუთარი პროდუქციის ექსპორტს სამი კონტინენტის მასშტაბით ახორციელებს, საერთაშორისო სერტიფიცირება მხოლოდ ტექნიკური მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ უკავშირდება. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საერთაშორისო პარტნიორების ნდობის განმტკიცების, ახალ ბაზრებზე შესაძლებლობების გაფართოებისა და ქართული წარმოების კონკურენტუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით.
რა როლი აქვს დამოუკიდებელ სერტიფიცირებას მწარმოებელი კომპანიის ტექნიკური შესაძლებლობებისა და ხარისხის მართვის პროცესების შეფასებაში? რატომ არის მესამე მხარის შეფასება მნიშვნელოვანი საერთაშორისო ბაზრებზე ნდობის მოსაპოვებლად და რას ნიშნავს ქართული საკაბელო პროდუქციის ევროპულ მოთხოვნებთან შესაბამისობა?
ამ საკითხებზე საკუთარ შეფასებებსა და ხედვას “ჩეხეთის ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტი” (EZÚ) გვიზიარებს.
რას გვიჩვენებს EZÚ-ში სერტიფიცირების პროცესი ისეთი საკაბელო პროდუქციის მწარმოებლის ხარისხისა და შესაძლებლობების შესახებ, როგორიც „საქკაბელია“?
უპირველეს ყოვლისა, სერტიფიცირების პროცესი საშუალებას გვაძლევს, დავადასტუროთ, რომ მწარმოებელს შეუძლია გრძელვადიან პერიოდში სტაბილურად დააკმაყოფილოს მკაფიოდ განსაზღვრული ტექნიკური და ხარისხობრივი მოთხოვნები.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ „საქკაბელმა“ აირჩია EZÚ - ტესტირებისა და სერტიფიცირების სფეროში კარგად დამკვიდრებული და აღიარებული ორგანიზაცია, რომელიც ჩართულია HAR-ისა და IECEE-ის საერთაშორისო სერტიფიცირების სისტემებში.
სერტიფიცირების პროცესი მხოლოდ იმის დადგენას არ ემსახურება, აკმაყოფილებს თუ არა კონკრეტული კაბელი დადგენილ სტანდარტებს. ის ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, შევაფასოთ მწარმოებლის უნარი, დროთა განმავლობაში უზრუნველყოს წარმოების ხარისხის თანმიმდევრულობა, ხარისხის ეფექტიანი კონტროლი და პროდუქციის მახასიათებლების სტაბილურობა.
ისეთი კომპანიისთვის, როგორიც „საქკაბელია“, ამ პროცესის წარმატებით დასრულება ადასტურებს, რომ მას გააჩნია საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად პროდუქციის წარმოებისთვის აუცილებელი ტექნიკური კომპეტენცია, საწარმოო დისციპლინა და ხარისხის მართვის პროცესები.
რატომ არის დამოუკიდებელი ტესტირება და სერტიფიცირება მნიშვნელოვანი მწარმოებლისთვის, რომელსაც სურს საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენციის გაწევა?
საერთაშორისო ბაზრებზე მწარმოებლის მიერ მხოლოდ იმის გაცხადება, რომ პროდუქცია გარკვეულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, საკმარისი არ არის. აუცილებელია ამ განცხადებების დამოუკიდებელი დადასტურება.
აღიარებული და დამოუკიდებელი მესამე მხარის მიერ განხორციელებული სერტიფიცირება მომხმარებლებს, დისტრიბუტორებსა და ბიზნესპარტნიორებს უფრო მეტ ნდობას უჩენს, რომ პროდუქცია აკმაყოფილებს როგორც დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებს, ისე შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებს.
ამასთან, სერტიფიცირებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაამარტივოს მწარმოებლისთვის ახალ ბაზრებზე შესვლა, რადგან ის ამცირებს იმ გაურკვევლობას, რომელიც ბუნებრივად ახლავს თან ახალი ან ნაკლებად ცნობილი მომწოდებლის შეფასების პროცესს.
შესაბამისად, მწარმოებლისთვის დამოუკიდებელი სერტიფიცირება გაცილებით მეტია, ვიდრე პროდუქციის ხარისხის დადასტურება. ის ასევე ნდობის მოპოვების, სანდოობის განმტკიცებისა და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გაძლიერების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
თქვენი შეფასებით, რა მნიშვნელობა აქვს ქართული საკაბელო პროდუქციის ევროპულ მოთხოვნებთან შესაბამისობას როგორც თავად მწარმოებლისთვის, ისე მთლიანად ქართული ინდუსტრიისთვის?
ევროპული მოთხოვნების წარმატებით დაკმაყოფილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პროდუქციის მაღალი ტექნიკური ხარისხი მწარმოებლის წარმოშობის ქვეყანაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ მის უნარზე, დანერგოს და მუდმივად შეინარჩუნოს სათანადო საწარმოო პროცესები და ხარისხის კონტროლის ეფექტიანი სისტემა.
ეს ასევე ადასტურებს, რომ მწარმოებელს შეუძლია მიაღწიოს ევროპულ ბაზარზე მოთხოვნილ ხარისხის დონეს და საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ჩამოყალიბდეს სანდო და კონკურენტუნარიან პარტნიორად.
EZÚ-სთვის განსაკუთრებით სასიხარულოა იმის დანახვა, რომ სერტიფიცირების პროცესი ისეთ მწარმოებლებს, როგორიც „საქკაბელია“, საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურად წარმოჩენასა და საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების შექმნაში ეხმარება.
"საქკაბელის" შესახებ:
1958 წლიდან, "საქკაბელი" ადგილობრივ ბაზარზე სფეროს ლიდერის პოზიციას იკავებს და მომხმარებელს როგორც საკაბელო, ისე ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებულ სხვა 10,000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. "საქკაბელი" ადგილობრივ ბაზარზე 9 შოურუმითა და სადილერო/სადისტრიბუციო ქსელით არის წარმოდგენილი. კომპანია საკუთარი პროდუქციის ექსპორტი 2010 წლიდან ახორციელებს.
“ჩეხეთის ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტის” შესახებ:
ჩეხეთის ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტი მოწინავე ევროპული მასერტიფიცირებელი ორგანოა, რომელიც 1926 წლიდან ახორციელებს პროდუქტებისა და მენეჯმენტის სისტემების ტესტირებას, შემოწმებასა და სერტიფიცირებას. ორგანიზაცია თანამშრომლობს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან და უზრუნველყოფს მიუკერძოებელ შეფასებას პროდუქტებისა და მენეჯმენტის სისტემების შესაბამისობის შესახებ.






















