ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში საიას მიერ წარმოებულ ე.წ. FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა.
ორგანიზაციის ცნობითვე, კომისარმა ევროპულ სასამართლოს წარუდგინა მესამე მხარის წერილობითი მოსაზრება, რომელიც არა მხოლოდ ზემოაღნიშნული კანონის ანალიზს მოიცავს, არამედ დამატებით ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარე საკანონმდებლო კონტექსტსაც განიხილავს. აღსანიშნავია, რომ კომისარი მესამე მხარის მოსაზრებით აქამდეც ჩაერთო სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე ე.წ. რუსულ კანონის საქმეშიც.
"კომისარი მიიჩნევს, რომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის" მიღება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული შეზღუდვების ნაწილს წარმოადგენს და უარყოფით გავლენას ახდენს მედია საშუალებებისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე, რომლებიც ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობაზე მუშაობენ. მისი შეფასებით, კანონის დებულებები ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციით დადგენილ კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებს (ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლები), ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს (მე-14 მუხლი). ამასთანავე, კომისრის პოზიციით, კანონი შეიცავს ბუნდოვან ფორმულირებებს და „პოლიტიკურ საქმიანობას" ზედმეტად ფართოდ განმარტავს, რაც შლის ზღვარს ლეგიტიმურ საერთაშორისო თანამშრომლობასა და ფარულ უცხოურ ჩარევას შორის და ართულებს იმის გაგებას, თუ ვისზე ვრცელდება კანონი. კომისარი აღნიშნავს, რომ კანონი ქმნის ადმინისტრაციული კონტროლის რეჟიმს, რომელიც თავისი სიმკაცრით რუსულ „უცხოეთის აგენტების" კანონებს უთანაბრდება და წესების ნებისმიერი განზრახ დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით", - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარდა ამისა, კომისარი აღნიშნავს, რომ ტერმინ „აგენტის“ გამოყენებას საზოგადოებრივ აღქმაში ნეგატიური შინაარსი აქვს და ამ კანონის მიღება სამოქალაქო სექტორის სტიგმატიზაციას იწვევს.
აღნიშნულს კიდევ უფრო აძლიერებს ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების „სახელმწიფოს მტრებად“ მოხსენიების კამპანია. კომისარი ასევე მიუთითებს, რომ კანონი მიზანმიმართულად ეხება კონკრეტულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, რის გამოც ამგვარ განსხვავებული მოპყრობას გაუმართლებლად მიიჩნევს.
"ამ მიგნებებზე დაყრდნობით, კომისარი ვარაუდობს, რომ სასამართლომ შესაძლოა კანონის მიღება იმ ფართო შეზღუდვების ნაწილად მიიჩნიოს, რომელთა მიზანიც მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ორგანიზაციების დაშინება და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციაა", - წერია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



























