იურისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. "ბოლო საცხოვრისის" კანონპროექტი სესხებზე ხელმისაწვდომობას შეზღუდავს, იპოთეკარებს კი საბოლოოდ უფრო მეტის გადახდა მოუწევთ.
"მივიღებთ სიტუაციას, როცა ნებისმიერი სესხის გამცემი იზრუნებს, დამატებითი უზრუნველყოფა მოითხოვოს და თუ მოქალაქეს ორი საცხოვრებელი სახლი არ ექნება სესხს უბრალოდ არ მისცემს", - განაცხადა ალაფიშვილმა გადაცემა "ანალიტიკის" ეთერში.
მისი თქმით, აღსრულების 3 წლით გადავადება და მორატორიუმი, როგორც ეს კანონპროექტითაა განსაზღვრული გამოიწვევს იმას, რომ სესხის ამღებს საბოლოოდ უფრო მეტი ფულის გადახდა მოუწევს.
"ეს კანონპროექტი პრობლემას, რაც ვალის გადაუხდელობისას დგება, ვერ მოაგვარებს, - მხოლოდ გადავადდება, რითიც ისევ მესაკუთრე დაზარალდება", -აღნიშნავს ალაფიშვილი.
საკანონმდებლო ინიციატივა "ბოლო საცხოვრისის" შესახებ "პატრიოტთა ალიანსის მიერაა ინიცირებული. პროექტის მიხედვით, თუ აღმასრულებლი დაადგენს, რომ საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს მოვალის და მისი ოჯახის წევრების ბოლო საცხოვრებელ სახლს ის ვალდებული იქნება, შეაჩეროს სააღსრულებო საქმის წარმოება 3 წლის ვადით.

























