საგამოფენო კომპანია „Expo Batumi“ ბათუმში საგამოფენო სივრცეს ააშენებს. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ თურქეთის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების კოლეგიის (DEIK) თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ განაცხადა.
საგამოფენო ცენტრი 10 000 კვ/მ ფართობზე განთავსდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა.
„14 წელია, საქართველოში, კერძოდ, ბათუმში სხვადასხვა თემატურ გამოფენას ვატარებთ. ვნანობ, რომ აქამდე არ ავაშენეთ საგამოფენო სივრცე. ალბათ ამის მიზეზი ისიც იყო, რომ ეს ბიზნესი საქართველოში დიდად მოგებიანი არაა, მაგრამ ვინაიდან ბათუმი, კონფერენციების, საქმიანი ტურიზმის ქალაქად იქცა, უკვე დადგა ინვესტირების დრო. გვინდა, კიდევ უფრო მეტი გამოფენა გაკეთდეს და მეტი ვიზიტორი ჩამოვიდეს აჭარაში, ამისთვის კი, საჭიროა გაკეთდეს მრავალფეროვანი საგამოფენო სივრცე, რომელიც ჩვენი გეგმით, შემდეგი წლის ბოლოსთვის გვექნება“, - თქვა ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძემ.
მისივე თქმით, საგამოფენო ცენტრისთვის მიწის ფართობის გადაცემის თხოვნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უკვე მიმართეს.
„მათი მხრიდან არის მზაობა, რომ მიწა გადმოგვცენ. აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე ძალიან გვეხმარება. მიხარია, რომ ზოგადად, საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. წევრ კომპანიებს როცა რაიმე პრობლემა ექმნებათ, ეგრევე ვურეკავთ და კანონის ფარგლებში ძალიან სწრაფად გვეხმარებიან“, - აღნიშნა ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ.