სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" სან ფრანცისკოს სათაო ოფისიდან, თანამშრომლების სასწრაფი ევაკუაცია განხორციელდა. საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის’’ ცნობით, მიზეზი ზარინის მსგავსი ნივთიერების შემცველი ამანათი აღმოჩნდა, რომელიც კომპანიაში გააგზავნეს.
ამერიკული კონცერნის ოთხივე შენობა თანამშრომლებს დაატოვებინეს. ადგილზე, სახანძრო, სასწრაფო და სამაშველო ბრიგადები იყო მობილიზებული. წინასწარი მონაცემებით, ორ თანამშრომელს, რომლებმაც გზავნილი მიიღეს, ზარინის ზემოქმედების სიმპტომები არ აღმოაჩნდა.
ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიურო აწარმოებს.
ცნობისათვის, ზარინს ქიმიურ იარაღად იყენებენ. ის მასობრივი განადგურების იარაღთა სიაშია. მისი მცირე კონცენტრაციაც კი სიკვდილს იწვევს.

























