"კონკურენციის სააგენტო, იმის მაგივრად, რომ აღმოფხვრას მონოპოლიები იცავს მათ“, - განცხადებას სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი კონკურენციის სააგენტოს მიერ APM Terminals-ის საქმის შესწავლის თემის ირგვლივ აკეთებს.
"კონკურენციის სააგენტომ, საქართველოს მთავრობის მოთხოვნით, ჩვენი წევრი კომპანიის APM Terminals-ის საქმიანობა ფოთში შეზღუდა, კერძოდ მათი ახალი საკონტეინირო ტერმინალის, რომელშიც 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია იქნა ჩადებული. მიზეზი კი ის არის, რომ ტერმინალის გახსნა, სხვა მისი კონკურენტების საქმიანობაზე აისახება!
კონკურენციის სააგენტო იმის საპირისპიროს აკეთებს, რაც მას მანდატით აქვს მონიჭებული. იმის მაგივრად, რომ აღმოფხვრას მონოპოლიები, იცავს მათ!
ჩვენ ადრეც ვიწინასწარმეტყველეთ, რომ კონკურენციის სააგენტოს შექმნა, სხვადასხვა ფინანსური და პოლიტიკური ინტერესების გატარებისთვის იქნებოდა გამოყენებული“, - წერს ფადი ასლი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 14 კომპანიის მიმართვის საფუძველზე კონკურენციის სააგენტომ "კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის" საქმის შესწავლა დაიწყო.
ადგილობრივი საკონტეინერო ტერმინალები 1 ივლისიდან კომპანიის მიერ ინტეგრირებული ოპერირების დაწყებას აპროტესტებენ.

























