„არ მგონია, რომ [მამუკა ხაზარაძეს] პოლიტიკაში ჩართვის რაიმე განზრახვა ჰქონდეს, მაგრამ არავინ იცის. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ ვიღაც აუცილებლად გვჭირდება პოლიტიკაში. დღეს როგორც მივდივართ, თვითმკვლელობის ტოლფასია. თუმცა, არ ვიცი, ამ ეტაპზე რა კონკრეტული გეგმა აქვს ბატონ ხაზარაძეს. თუ გადაწყვეტს, მხოლოდ მომხრე ვიქნები“ - ასეთია საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტის ფადი ასლის დამოკიდებულება მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში შესაძლო ჩართვის შესახებ.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტთან ინტერვიუ ICC-ის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრის წინ ანალიტიკის ავტორმა და წამყვანმა ელენე კვანჭილაშვილმა ჩაწერა. ამ სხდომაზე დახურულ ფორმატში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დეტალები საბჭოს წევრებს თიბისი ბანკმაც მიაწოდა.
„[მამუკა ხაზარაძე] პატრიოტია, უყვარს თავისი სამშობლო და მას თავის პირად ინტერესებზე მაღლა აყენებს. ვიცი შემთხვევები, როცა ქვეყნისთვის სასიკეთო ისეთი პროექტებიც განუხორციელებია, სადაც ფული წაუგია. ის გამოცდილია, მას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ბიზნესზე ზეწოლა, ამდენად, შესაძლოა, ივანიშვილისგან განსხვავებით, ის სხვანაირად მოიქცეს, თუ ხელისუფლებაში მოვა“ - ამბობს ფადი ასლი.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის შეფასებით, თიბისი-ს აქციონერების საქმე ციხემდე არ მივა. „სხვა ადამიანები გაასწრებენ [მამუკა ხაზარაძეს] ციხეში, სანამ ის მოხვდება“ - ამბობს ფადი ასლი.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ლონდონში ინვესტორებთან შეხვედრის შემდეგ, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს.
მხოლოდ თიბისი ბანკის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ელექტრონული შეტყობინებაში მამუკა ხაზარაძე TBC ბანკის გარშემო დაწყებულ კამპანიას პირდაპირ უკავშირებს პოლიტიკას, მისი ბიზნესის მიტაცების სურვილს და აღნიშნავს, რომ უპრეცენდენტო შემოტევა და ორკესტრირებული თავდასხმა სწორედ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ხორციელდება და მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ბანკთან ერთად ანაკლიის პორტის განხორციელებასაც აყენებს ზიანს.

























