საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძეს ღია წერილით მიმართავს.
ღია წერილში საუბარი ფადი ასლი ვრცლად საუბრობს, მისი აზრით, საქართველოში გაუარესებულ ბიზნესგარემოზე, რაც უცხოური ინვესტიციების შემცირებაში აისახა.
„მოკლედ რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში ბიზნესის და საინვესტიციო კლიმატის ნომერ პირველ ვალდებულებად და დაბრკოლებად გადაიქცა, რაზეც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლების 35%–ით შემცირება თავად მეტყველებს მდგომარეობის სავალალოობაზე.
უფრო ზუსტად რომ გავიხსენოთ, 2006 წელს საქართველო მსოფლიო ბანკის "ბიზნესის მარტივად კეთების“ რეიტინგში 100–ე ადგილს იკავებდა; ქვეყანამ გაიუმჯობესა საკუთარი რეიტინგი და 2018 წელს #6 ადგილი დაიკავა; ამ თორმეტ წლის განმავლობაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 10–ჯერ გაიზარდა და 2006 წლისთვის დაფიქსირებული 360 მილიონი აშშ დოლარიდან 2018 წელს 3.2 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა.
ამის საპირისპიროდ და გასაოცრად, იმავე პერიოდში და იმავე თორმეტი წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კვლავაც 2006 წლის დონეზე რჩება, რაც ნებისმიერი სტანდარტით სრულიად შოკისმომგვრელია; ეს გახლავთ შედეგი უკანასკნელი წლების მანძილზე უცხოელ ინვესტორთა სისტემური და მიზანმიმართული შეურაცხყოფისა, რამაც, მიუხედავად მსოფლიო ბანკის ანგარიშში მითითებული რეიტინგისა, ქვეყნის რეპუტაცია უკიდურესად შელახა საზღვარგარეთ ინვესტორთა წრეებში.
აღნიშნულის გასამართლებლად მთავრობა აცხადებს, რომ წლიური ანგარიშის 662 მილიონი დოლარით შემცირება ორი ძირითადი ფაქტორითაა გამოწვეული:
1- BP- ის პროექტი დასასრულს უახლოვდება;
2- ჯეოსელს ყიდულობს "სილქნეტი", რომელიც ამჟამად უცხოელი ინვესტორის ნაცვლად ადგილობრივი კომპანიის ეტიკეტით მოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ BP-ის ინვესტიციები 2017 წელს 600 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2018 წელს 354 მილიონ აშშ დოლარს, ანუ წინა წელთან შედარებით ინვესტიციები 246 მილიონ დოლარით შემცირდა.
რაც შეეხება ჯეოსელს, მათი ინვესტიციები 2017 წელს 23 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ მთლიანად ამოვიღებთ BP-ის ინვესტიციებიდან ორივე წლის მაჩვენებელს 2017 წლის ჯეოსელის ინვესტიციებთან ერთად, ცხადი გახდება, რომ 2018 წელს საქართველომ 377 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დაკარგა, რაც სრულიად გაუმართლებელია.
თუ 2018 წლის მაჩვენებლები არასაიმედოა, ისღა დამრჩენია, გამოვხატო ღრმა შეშფოთება 2019 წელთან დაკავშირებით, რადგანაც, ჩემი აზრით, ამგვარი მაჩვენებლების ფონზე 2018 წელი გაცილებით წარმატებული გამოჩნდება.
ჩვენი პროგნოზით, 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დამატებით შემცირებას ექნება ადგილი; ამას მოჰყვება ეკონომიკური ზრდის შენელება ეროვნული ბანკის საკრედიტო პოლიტიკის გამო, რაც სერიოზულ გავლენას ახდენს მშენებლობის, უძრავი ქონების და სამომხმარებლო საქონლის სექტორზე.
აღნიშნულ სექტორებში ველოდებით გაკოტრების კასკადს, ეს გაკოტრებები კი უეჭველად მოახდენს ზეგავლენას ქვეყნის კომერციულ ბანკებზე“, - ნათქვამია წერილი.

























