საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი კიდევ ერთხელ ეხმაურება საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ვლადიმერ კაკაბაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლის მიხედვითაც თამბაქოს ორი უმსხვილესი მწარმოებელი British American Tobacco და Philip Morris დაახლოებით 90-90 მილიონი დაჯარიმდნენ.
ფადი ასლი აცხადებს, რომ ვლადიმერ კაკაბაძე კორუმპირებულია. მისი თქმით, საქმე მათ პარიზის მოსამართლეებსაც გააცნეს.
"მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე , რომელსაც ეკუთვნის ჩვენი წევრი ორი კომპანიის - British American Tobacco-სა და Philip Morris-ის საქმეების შესახებ სასამართლო განჩინებები, ასევე მოსამართლე რომელიც წელიწადნახევრის განმავლობაში უკანონოდ აჭიანურებდა ტერაბანკის საქმესთან დაკავშირებულ პროცესებს, რათა ჩრდილი მიდგომოდა ბანკის ინტერესებს, გახლავთ კორუმპირებული მოსამართლე. ზემოთხსენებულ სამივე საქმესთან დაკავშირებით დოკუმენტაცია გავაგზავნეთ პარიზში, რომლებიც სამმა პროფესიონალმა და ცნობილმა მოსამართლემ განიხილა და როდესაც ისინი ამ გადაწყვეტილებებს გაეცნენ, მინდა გითხრათ რომ საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ. ამ ფაქტების და ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებითაც ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ვლადიმერ კაკაბაძე კორუმპირებული მოსამართლეა და ამ აზრს ვერავინ და ვერაფერი შემაცვლევინებს, თუნდაც დამიჭირონ, დამემუქრონ ან დამაჯარიმონ.
როდესაც მეკითხებიან თუ რის საფუძველზე ვფიქრობ რომ ვლადიმერ კაკაბაძე კორუმპირებული მოსამართლეა, მე ვპასუხობ რომ როდესაც მე ნაგვის სუნს ვგრძნობ და როდესაც მე ამ ნაგავს ვხედავ , მე არ მჭირდება არავინ რომ მიმითითოს და დამიდასტუროს ეს. შესაბამისად როდესაც მე ვამბობ რომ ვხედავ კორუფციას, ე.ი ის მართლა არის. ამ მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილებით შეარცხვინა არა მარტო თავისი თავი, არამედ საქართველო და საქართველოს სასამართლო სისტემა. ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ, ჩვენ არ ვართ მარტო, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია გვიჭერს მხარს , ჩვენ გვაქვს კავშირები პარიზის სასამართლოსთანაც, თუმცა ჯერჯერობით მივმართავთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოიმოქმედონ რაიმე და გაათავისუფლონ სასამართლო ისეთი კორუმპირებული მოსამართლისგან როგორიც ვლადიმერ კაკაბაძეა”,- აცხადებს ფადი ასლი.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ მოსამართლის შესახებ განცხადება გასულ კვირაში ელენე კვანჭილაშვილის "ანალიტიკაში" გააკეთა.
ფადი ასლის განცხადებას გასულ კვირაშივე უპასუხა "თბილისის საქალაქო სასამართლომ". როგორც სასამართლოში განმარტავენ, სასამართლო ხელისუფლება მკაცრად გმობს და დაუშვებლად მიიჩნევს მოსამართლის მიმართ გამოთქმულ ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებას.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფადი ასლი დაუპირისპირდა "თბილისის თამბაქოც", რომლის საჩივრის საფუძველზე მოსამართლემ თამბაქოს კომპანია დააჯარიმა.

























