მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფადი ასლიმ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძეს უზენაეს სასამართლოში დავა მოუგო

5cb7385d5be53
ელენე ჩომახიძე
17.04.19 18:28
2174
საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი სოციალურ ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძეს უზენაეს სასამართლოში დავა მოუგო.

Bm.ge ფადი ასლის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ძვირფასო მეგობრებო, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ უზენაესმა სასამართლომ ბატონი ვლადიმერ კაკაბაძის სარჩელი ჩემს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა, რომელიც ეხება ჩემ მიერ 2017 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც გამოვხატავდი ჩემს აზრს, რომ იგი იყო კორუმპირებული მოსამართლე (PMI-ს, BAT, Terabank).

მოსამართლე კაკაბაძემ მოიგო ეს საქმე თავისივე საქალაქო სასამართლოში და სააპელაციო სასამართლოში. მე ვერც კი დავმალავ ჩემს გაკვირვებას ამ საქმის მოგებასთან დაკავშირებით, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ თავისი კოლეგის სოლიდარობის ნიშნად უზენაესი სასამართლოც მის სასარგებლოდ გადაწყვეტდა საქმეს.

განჩინება, რომელსაც დღეს გავეცანი, შემიძლია შევადარო სანთლის შუქს, რომელსაც გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არ ჩააქრობს ის დამატებითი ომი, მოსამართლეების საკამათო რეპუტაციასთან დაკავშირებით, რომელიც არის გაჩაღებული „ქართულ ოცნებასა“ და სამოქალაქო საზოგადოებას შორის“, - წერს ფადი ასლი.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის მიერ ფადი ასლისთვის სასამართლოში ჩივილის საფუძველი, ამ უკანასკნელის მიერ ელენე კვანჭილაშვილის გადაცემა „ანალიტიკაში“ გაკეთებული განცხადება გახდა - ფადი ასლიმ მოსამართლე კაკაბაძე კორუმპირებულად მოიხსენია.

კერძოდ, ფადი ასლი ვლადიმერ კაკაბაძის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, რომლის მიხედვითაც, თამბაქოს საერთაშორისო ბრენდები British American Tobacco და Philip Morris დაახლოებით 90 მილიონი დოლარით დაჯარიმდნენ.

2017 წლის მაისში მოსამართლე კაკაბაძემ ბიზნესმენ ფადი ასლის სასამართლოში უჩივლა და მისგან მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 20 000 ლარს ითხოვდა. კაკაბაძემ ორი ინსტანცია მოიგო, მაგრამ როგორც დღეს ფადი ასლი აცხადებს, უზენაესმა სასამართლომ ის გაამართლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები