ბიოფარმაცევტული კომპანია “ბიოქიმფარმის” გენერალური მენეჯერი, რატი ღოლიჯაშვილი, ქვეყნიდან “ტვინების გადინების” პრობლემაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ჩვენი საქართველოში, დაბალი კონკურენციის პირობებში, ბევრ შესაძლებლობას იძლევა. ამის შესახებ მან BMGDrive-ში ისაუბრა.
“ჩვენ გვჭირდება წარმატების ძალიან კარგი მაგალითი, რომ ჩვენ სფეროში არსებული “ტვინების გადინება” ცირკულაციად გადაიქცეს. რათა იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა სასწავლებლად არიან წასულები, მეტი მოტივაცია ჰქონდეთ, რომ დაბრუნდნენ, აქ დააარსონ ის კომპანიები, ლაბორატორიები თუ კვლევითი ორგანიზაციები, რასაც სხვაგან აკეთებენ და გამოცდილება უკან ჩამოიტანონ.
თუ შევადარებთ, ამ სფეროში დასაქმებულთათვის ანაზღაურება შტატებში ან დასავლეთ ევროპის ქვეყნებში უფრო მაღალია, მაგრამ აქ მეტი შესაძლებლობაა: არსებობს აუთვისებელი სივრცეები, სადაც ინოვაციური იდეებითა და მონდომებით, ნაკლები კონკურენციის პირობებში, სწრაფი განვითარება შეგიძლია”, - აღნიშნა ღოლიჯაშვილმა.
მისივე თქმით, “ბიოქიმფარმი” საქართველოში კადრების შენარჩუნებისთვის შესაბამისი პირობების შემუშავებაზე უკვე მუშაობს.
“ჩვენი კომპანიის მაგალითზე ვიტყვი, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, შევქმნათ ის პირობები, რომლებიც საქართველოში კადრებს შეინარჩუნებს, განავითარებს და კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მისცემს, რომ ამ სფეროში დასაქმდნენ. ამას ადასტურებს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 39-დან 67-მდე გაიზარდა”, - აღნიშნა “ბიოქიმფარმის” გენერალურმა მენეჯერმა.
“ბიოქიმფარმის” ქართული ფაგების საწარმო პირველად 1934 წელს გაიხსნა. კომპანიამ 3 წლის წინ საწარმოს მოდერნიზებაში ₾17 მილიონის ინვესტიცია ჩადო და GMP სტანდარტებთან შესაბამისობა მოიპოვა.