მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფალსიფიცირებული კონსერვები არასოდეს მიწარმოებია" - ვანო გოგლიძის პირველი კომენტარი

გოგლიძე

კომპანია „კულას“ დირექტორი ვანო გოგლიძე, გირაოს სანაცვლოდ, გათავისუფლების შემდეგ BMG- თან პირველ კომენტარს აკეთებს. გოგლიძე ირწმუნება, რომ ფალსიფიცირებული კონსერვები არასდროს უწარმოებია, შესაბამისად მის მიმართ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ თვლის.

„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მინდა განვაცხადო, რომ ჩემს მიმართ წარდგენილ ბრალს არ ვეთანხმები. თავს დამნაშავედ არ ვთვლი.

არასოდეს მიწარმოებია და მიმიწოდებია არავისთვის, მათ შორის არც საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებისთვის ფალსიფიცირებული კონსერვები. პროდუქცია ყოველთვის ნორმების სრული დაცვით მზადდებოდა.“ - აცხადებს გოგლიძე.

ბიზნესმენი ვანო გოგლიძის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 15 აპრილს გავრცელდა. გოგლიძის ადვოკატმა კახა წერეთელმა BMG-თან საუბრისას განაცხადა, რომ ვანო გოგლიძე ნახევარი მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

"აღდგომის წინა დღეებში 8 აპრილს შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება და გირაოთია განთავისუფლებული. გირაოს ოდენობა ნახევარი მილიონი ლარი იყო. ამის უზრუნველყოფა უძრავი ქონებით მოხდება, თუმცა დანაშაული არ უღიარებია და ახლა იწყება საქმეზე არსებითი განხილვა", - ამბობს ადვოკატი და ამატებს, რომ გოგლიძის საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 28 აპრილს გაიმართება რა დროსაც უკვე საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.

ცნობისთვის, ივანე გოგლიძე 20 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. გამოძიების ვერსიით, 2025 წელს, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მან 380 792 ლარის ღირებულების 24 ტონა თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს „სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას“. პროდუქცია განკუთვნილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის.

ტენდერების მონიტორის თანახმად, კომპანია "ბატონოს" სახელმწიფოსთვის სასურსათო პროდუქტების - თევზის და ძროხის ხორცის მიწოდების ტენდერებში კონტრაქტები 2020 წლიდან უფორმდებოდა. აღნიშნული კონტრაქტების ჯამური ღირებულება 8 მილიონ ლარს შეადგენს.

საგამოძიებო უწყების განცხადებით, „პროდუქციის დამზადებისა და ნედლეულის შენახვის პირობები კრიტიკულად არ შეესაბამებოდა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს“. უწყების ინფორმაციით, ამოღებულ პროდუქტებზე ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, კონსერვი არ აკმაყოფილებს მიკრობიოლოგიურ სტანდარტებს და „უვარგისია მოხმარებისთვის“. ამასთან, „რიგ შემთხვევებში ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“. გამოძიების თანახმადვე, კონსერვის შიგთავსი, თევზის ხორცის მასური წილითა და ენერგეტიკული ღირებულებით, არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები