მართვის კომპანია GGM ბიზნესს გრანტის ან სესხის მოძიებაში ეხმარება, რაც ბიზნესმოდელის აწყობას, საგრანტო განაცხადის მომზადებას, დონორებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების წარმოებას, დაფინანსების მოძიების პროცესის და რეპორტინგის სრული ციკლის მართვას გულისხმობს.
BMG-სთან კომპანიის დამფუძნებელი, გენო გელაძე ამბობს, რომ დაფინანსების წყაროები დღეს საქართველოში საკმარისად არის, თუმცა ბაზარზე თითქმის არ არსებობს ისეთი კადრი, რომელიც ფანდრაიზინგის მიმართულებით მუშაობს. მისი თქმით, ბიზნესს ფინანსების მოძიებისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის კადრი უნდა ჰყავდეს.
"დღეს ბიზნესს აქვს შესაძლებლობა, უკვე მიღებული დაფინანსების განხორციელების პროცესში, დაიქირაოს და პროცესში ჩართოს გამოცდილი სპეციალისტები. ეს იქნება აუდიტორული კომპანიები, იურისტები, აღმრიცხველები თუ ფინანსური მენეჯერები, მაგრამ ამ დროს იშვიათად ნახავთ ბიზნესს, ვისაც ჰყავს ფონდების მომძიებლები. მარტივი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ ფანდრაიზერები. ანუ ადამიანები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ამოცანა, რომ ამ ბიზნესისთვის მოიძიონ დაფინანსება. საქართველოს ბაზარზე ეს მიმართულება ჩანასახის ეტაპზეა, და სჭირდება მეტი განვითარება. ჩვენი კომპანია, GGM უკვე 8 წელია ფანდრაიზინგის მიმართულებით აქტიურად მუშაობს და საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს, თუმცა ადგილობრივი ბაზარი გასავითარებელია. კარგი იქნება თუ ქვეყანაში გაჩნდება მეტი ფანდრაიზერი ორგანიზაცია. დღეს როგორც მივმართავთ საბუღალტრო კომპანიებს, თუ იურიდიულ კომპანიებს, ისევე უნდა შეგვეძლოს, ფანდრაიზერების მიმართვა, რომლებიც მუშაობენ დაფინანსების მოძიებაზე და ამ მხრივ პროფესიონალები არიან“, - ამბობს გენო გელაძე
ცნობისთვის, GGM წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ბიზნესის მართვის კომპანიას, რომელსაც გააჩნია შვილობილი კომპანიები ინფრასტრუქტურის, წარმოების, ტურიზმის და მომსახურების სფეროში.