მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FAO - მცენარეულ ზეთზე ფასების ინდექსმა ბოლო 10 წლის მაქსიმუმს მიაღწია

606ed3415e8d5
BM.GE
08.04.21 13:54
754
FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - მარტში გაიზარდა და 118.5 ქულა შეადგინა. აღნიშნული ქულა, წინა თვის მაჩვენებელს 2.1%-ით აღემატება და 2014 წლის შემდეგ ფასების ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მარტში მცენარეულ ზეთზე ფასები 8%-ით გაიზარდა. ამავე თვეში, მცენარეულ ზეთზე ფასების ინდექსმა ბოლო 10 წლის მაქსიმუმს მიაღწია, რასაც წინ უძღოდა ბიოდიზელის მწარმოებელ ინდუსტრიაში სოიას ზეთზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნა.

3.9%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. ზრდის მიზეზი, კარაქსა და რძის ფხვნილზე, აზიის ქვეყნების მხრიდან, განსაკუთრებით კი ჩინეთში, გაზრდილი მოთხოვნა წარმოადგენდა. მზარდ მოთხოვნასთან ერთად, ფასების აწევას ხელი შეუწყო პროდუქციის მწარმოებელ რეგიონებში: ოკეანეთში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში პროდუქტების შემცირებულმა მარაგებმა.
თებერვალთან შედარებით, 2.3%-ითაა გაზრდილი ხორცის ფასების ინდექსი. ზრდა მეტწილად განპირობებული იყო ევროპაში აღდგომის დღესასწაულის სამზადისით და ღორისა და ფრინველის ხორცის შემცირებული მარაგებით. მსხვილფეხა საქონლის ხორცის ფასი უცვლელი დარჩა, მაშინ როცა წვრილფეხა საქონლის ხორცზე ფასები შემცირდა.

ყველა სხვა პროდუქტისაგან განსხვავებით, შემცირებულია მარცვლეულისა და შაქრის ფასების ინდექსი. მარცვლეულზე ფასები 1.8%-ით ხოლო, შაქარზე ფასები 4.0%-ით შემცირდა. მიუხედავად აღნიშნულისა, ორივე პროდუქტის მაჩვენებლები 2020 წლის ნიშნულს 26.5% (მარცვლეული) და 30%-ით (შაქარი) აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები