გლობალურ ბაზარზე სურსათი ძვირდება - ამაზე მიუთითებს FAO-ს ინდექსი, რომელიც ძირითადი პროდუქტების საფასო დინამიკას აფასებს. გასულ თვეს ინდექსმა 128.3 პუნქტი შეადგინა, ანუ აპრილში ინდექსის მოცულობა 1.2 პუნქტით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტთან შედარებით გლობალურად ფასები 1 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინდექსი, მსოფლიოში საბითუმო ფასს ზომავს სამომხმარებლო კალათაში შემავალ ძირითადი პროდუქტებზე, მათ შორის: ხორბალზე, მცენარეულ ზეთზე, რძის პროდუქტებზე, ხორცსა და შაქარზე.
როგორც ცნობილია, გასულ თვეს მსოფლიოს მასშტაბით მარცვლეული, რძე და ხორცი გაძვირდა, ხოლო შაქრის და მცენარეული ზეთის ღირებულება შემცირდა.
საერთო ჯამში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინდექსი 9 პუნქტით არის გაზრდილი, ანუ წლიურ ჭრილში ფასები მომატებულია, თუმცა 2022 წლის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით ინდექსი 32-პუნქტიან კორექციას აფიქსირებს, თავად ზემოხსენებული პიკი კი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებით და გლობალური მიწოდების ჯაჭვის შეფერხებით იყო განპირობებული.




























