მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფაქტებით მანიპულირების მცდელობა" - "კონსტიტუციის 78-ე მუხლი" პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებას ეხმაურება

78-ე მუხლი

საჯარო სამსახურის დამოუკიდებელი პროფკავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ფაქტებით მანიპულაციის მცდელობას აქვს ადგილი.

საქმე ის არის, რომ გუშინ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა“ განაცხადა, რომ დაარსებიდან დღემდე არც ერთი საჯარო მოხელე სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ. უწყება ამბობს, რომ არც ერთ მოკლევადიანი შრომით ხელშეკრულებით დასაქმებული პირი არ გაუთავისუფლებიათ სამსახურიდან ვადაზე ადრე.

"გვსურს გამოვეხმაუროთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებას, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნული უწყებიდან პირის გათავისუფლების შესახებ „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ მიერ თითქოსდა გავრცელდა დეზინფორმაცია.

პირველ რიგში გვინდა აღვნიშნოთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადება, სადაც მიუთითებენ რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს დაარსებიდან დღემდე (2022 წლის 1 მარტიდან) არც ერთი საჯარო მოხელე სამსახურიდან არ გაუთავისუფლებია“, წარმოადგენს ფაქტებით მანიპულირების მცდელობას, რადგან ისინი აღნიშნავენ, რომ მათგან არ გათავისუფლებულა საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, თუმცა არ საუბრობენ იმ დასაქმებულების გათავისუფლებაზე, რომლებიც ამ სტატუსს მიღმა არიან.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი კავშირის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული სტატისტიკური ინფორმაცია მოიცავს საჯარო უწყებებიდან გათავისუფლებულ პირთა მომართვიანობის საფუძველზე წარმოებულ სტატისტიკას და იმ საჯარო უწყებების ჩამონათვალს, საიდანაც ისინი გათავისუფლდნენ. ამ პირებში მოიაზრებიან როგორც საჯარო მოხელის სტატუსის მქონე, ისე სტატუსს მიღმა პირები, რომლებიც დასაქმებულნი იყვნენ სხვადასხვა საჯარო უწყებებში.

შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მხრიდან იმის მტკიცება, რომ მათ მიერ არ გათავისუფლებულა საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი და თითქოსდა ჩვენს პროფესიულ კავშირს აქვს მცდელობა, მიზანმიმართულად შელახოს რომელიმე უწყების რეპუტაცია, არის ფაქტებით მანიპულირება და სიცრუე, რადგან მათი მხრიდან მოხდა პირთა გათავისუფლება, რაზეც მეტყველებს როგორც ჩვენთან მომართვიანობა, ისე არაერთი ორგანიზაციისა და საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

კიდევ ერთხელ, მკაფიოდ განვმარტავთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია მხარს უჭერს საჯარო მოსამსახურეებს. შესაბამისად, უზრუნველყოფს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელების ფარგლებში დასაქმებულ მოსამსახურეთა სამართლებრივ დახმარებას. აქვე გაცნობებთ, რომ ორგანიზაცია ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას ახალი სტატისტიკის, უწყებების ჩამონათვალისა და შემდგომში სასამართლო პროცესების თაობაზე", - წერია დამოუკიდებელი პროფკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დეკემბრის ბოლოდან მოყოლებული საჯარო სამსახურებიდან ათობით საჯარო მოხელე გაათავისუფლეს. მათი უმრავლესობა აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ისინი აცხადებენ, რომ სამსახური განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების და საჯარო აქტიურობის გამო დაკარგეს.

საჯარო მოხელეთა დამოუკიდებელი პროფკავშირი „კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ და „სამართლიანი არჩევნები“ გეგმავენ ამ ეტაპზე 50-ზე მეტი საჯარო მოხელის დასაცავად სასამართლოს მიმართონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები