მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფაქტობრივად, უარს აცხადებენ EU-თან ინტეგრაციის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნაზე - ავალიშვილი უწყებების გაუქმებაზე

ლევან ავალიშვილი

IDFI-ის პროგრამების დირექტორის ლევან ავალიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებითა და აუდიტის სამსახურის დაქვემდებარებით, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოსთვის გაწერილი რეკომენდაციებიდან მნიშვნელოვან მოთხოვნებზე უარს ამბობს.

„ამ ინსტიტუციების გაუქმებით, ფაქტობრივად [ქართული ოცნება] უარს აცხადებენ ევროკავშირთან ინტეგრაციის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნაზე“, - აცხადებს ავალიშვილი BMG tv-ის გადაცემა „საქმის კურსში“, 17 ნოემბერს „ოცნების“ მიერ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებების შეფასებისას, რომელიც მმართველი პარტიის დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოში უკვე წარადგინეს.

ის განმარტავს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და ანტიკორუფციული ბიუროს ინსტიტუციურ გაძლიერებაზე ევროკავშირიდან დიდი თანხები დაიხარჯა. IDFI-ის პროგრამების დირექტორი იმასაც აღნიშნავს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის მისაღებად ევროგაერთიანებისთვის პერსონალური მონაცემების დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნა მათ შორის ევროკავშირის მოთხოვნით, რომელიც უკავშირდებოდა მათ შორის ვიზალიბერალიზაციის საკითხს. რადგან პერსონალურ მონაცემთა დაცვა ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და მნიშვნელოვანი სტანდარტია და იმ ქვეყნებს, რომლებიც დაახლოების პროცესში არიან და მათ შორის ვიზალიბერალიზაცია სურთ, კანონმდებლობის დაახლოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა სწორედ დამოუკიდებელი ინსტიტუტის არსებობა იყო, რომელიც როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი.

ჩემი აზრით, ინსტიტუტების გაუქმება, მათ შორის მანამდე გაუქმდა დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახური, ამ სამი ინსტიტუტის დამოუკიდებლობა, ანუ ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა და ამ ორი ინსტიტუტის დამოუკიდებლობის გაძლიერება და აწ უკვე გაუქმებული საგამოძიებო სამსახურის გაძლიერება ევროინტეგრაციისთვის საჭირო 12 პუნქტიდან ცალკე მეოთხე პუნქტი იყო, შემდეგ კი კანდიდატის სტატუსის მიღების რეფორმის ნაწილში 9 პუნქტიდან მეშვიდე ბლოკი იყო. ამის გაუქმებით, ფაქტობრივად უარს აცხადებენ ევროკავშირთან ინტეგრაციის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნაზე. პირდაპირ იძახიან, რომ იმას რაც იქ წერია არამხოლოდ არ შევასრულებთ, არამედ პირიქით უარს ვამბობთ ამაზე“, - აცხადებს ლევან ავალიშვილი.

IDFI-ის პროგრამების დირექტორი პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის აუდიტის დაქვემდებარებაში გადასვლას შეუსაბამობას უწოდებს და ამბობს, რომ აქ ჩნდება კითხვა: რატომ აკეთებენ ამას? – „ერთ-ერთი პასუხი ამ შემთხვევაში ის არის, რომ უბრალოდ იმას აუქმებენ, რაც ევროინტეგრაციის გზაზე ევროპელი და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოთხოვნით შეიქმნა“ - აცხადებს ლევან ავალიშვილი და დასძენს, რომ პერსონალური მონაცემების დაცვა არამხოლოდ ევროინტეგრაციის ერთიან კონტექსტშია მნიშვნელოვანი, არამედ უვიზო მიმოსვლის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხის აუდიტის სამსახურში გადატანა აბსოლუტურად შეუთავსებელია, არ უნდა გადავიდეს. ეს ერთ-ერთი მოთხოვნაა უვიზო რეჟიმის არსებობის, რადგან პერსონალურ მონაცემთა დაცვა მათ შორის გულისხმობს ევროკავშირის მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვას, სასაზღვრო კონტროლზე არსებული მონაცემების გაცვლას, ბიომეტრიული მონაცემების გაცვლას და ამაზე კონტროლი არ არის ერთ-ერთი და ამის რეგულირება დიდი კანონია ე.წ. GDP, რომელიც საქართველოში ჯერ არ ამოქმედებულა ბოლომდე, ეს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ჰარმონიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამაზე თუ უარს ვიძახით აუდიტის სამსახურს ამის არც უფლებამოსილება და არც გამოცდილება არ აქვს და არც ეხება მას ამის გაკეთება,. გამოდის, რომ ჩვენ უარს ვიძახით იმ მოთხოვნების ფუნდამენტურ კლასტერებზე, რომელიც საქართველოს რეკომენდაციის სახით წარედგინა, იმისთვის რომ ჩვენ გაგვეგრძელებინა პროცესი კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით“, - განმარტავს ლევან ავალიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები