2012-2016 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი ვახტანგ ხმალაძე „მინისტრის საათის“ მექანიზმის გაუქმებას უარყოფითად აფასებს.
საქმე ის არის, რომ 1-ელი ივლისიდან საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი ამოქმედდება და მთელი რიგი საკითხები ახლებურად წესრიგდება. კერძოდ, გაუქმდა მინისტრის საათი; გაუქმდა საკომიტეტო განხილვები ცალკეულ პირთა ნდობის გამოცხადებისას; გაუქმდა თემატური მოკვლევა; გაუქმდა საპარლამენტო საბჭოები და ა.შ.
“ფაქტობრივი მდგომარეობის დაკანონება” - ასე აფასებს ყოფილი დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტის რეგლამენტის შეცვლას.
კონსტიტუციონალისტის თქმით, მართალია, ერთპარტიულ პარლამენტში „მინისტრის საათის“ მექანიზმს, შესაძლოა, ფორმალური სახე ჰქონდეს, მაგრამ მისი გაუქმება მაინც არასწორია.
ამ დრომდე მოქმედი რეგლამენტით, „მინისტრის საათი“ გულისხმობს წელიწადში ერთხელ საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრების (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი მიმართულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას. აღნიშნული მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს წარედგინება საქართველოს მთავრობის შესაბამისი წევრის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლამდე არაუგვიანეს 5 დღისა.
„პარლამენტს ორი მთავარი ფუნქცია აქვს: ერთია საკანონმდებლო საქმიანობა და მეორე - აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი. კონტროლის მექანიზმების არსებობა უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ძალაუფლების რეალური განხორციელების ინსტრუმენტი აქვს მთავრობას; კანონმდებელი მხოლოდ კანონებს იღებს, მაგრამ რამდენად ასრულებს მთავრობა პარლამენტის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ყველაფერი მუდმივად უნდა მოწმდებოდეს. თქმა იმისა, რომ „აზრი არ აქვს ამის გაკეთებას, რადგან მთავრობას ხომ საპარლამენტო უმრავლესობა ქმნის და თავისივე შექმნილ მთავრობას ხომ არ დასჯის“, პარლამენტარიზმის უაღრესად არასწორი გაგებაა. ამდენად, აღიარება იმისა, რომ ჩვენია მთავრობა და ჩვენვე ხომ არ დავსჯით, არსებითად არასწორია.
რასაკვირველია, ერთპარტიული პარლამენტის შემთხვევაში, შეიძლება ფიქციად იქცეს საპარლამენტო კონტროლი, თუმცა თუ ერთპარტიული უმრავლესობა პასუხისმგებლობით იქნა აღჭურვილი, ეს კონტროლი არ უნდა გაქრეს.
რაც შეეხება იმ შემთხვევას, როცა საპარლამენტო უმრავლესობა კოალიციურია, აქ უკვე რეალურ ძალას იძენს საპარლამენტო კონტროლის ის მექანიზმები, როგორიცაა „მინისტრის საათი“ და ინტერპელაციის მექანიზმი, ვინაიდან ეს მთელ პარლამენტს საშუალებას აძლევს, მთავრობის საქმიანობა შეამოწმოს“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
რაში უშლიდა ხელს „ქართულ ოცნებას“ „მინისტრის საათის“ მექანიზმის ფორმალური შენარჩუნება? – „შეიძლება, ეს იყო ფაქტობრივი მდგომარეობის დაკანონების სურვილი. დღეს ერთპარტიულია პარლამენტი. ის ჯგუფი, ოპოზიცია რომ დაარქვეს, ფაქტობრივად, უმრავლესობაა და როგორც პარლამენტს, ასევე მთავრობას მართავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ასე რომ, რა აზრი აქვს სამთავრობო საათს ან ინტერპელაციას?!“ - ასე უპასუხა ვახტანგ ხმალაძემ „წერტილის“ წამყვანის კითხვას.




























