ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, იურისტმა თედ ჯონასმა გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში ისაუბრა იმ ყალბი გზავნილების შესახებ, რომელთაც ხელისუფლება და მმართველი პარტია აგენტების შესახებ კანონპროექტების თაობაზე ავრცელებდა.
მისი განცხადებით, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები შემოსავლების სამსახურს მათი დაფინანსების წყაროების შესახებ სრულ ინფორმაციას წარუდგენენ. ასევე, ამ ორგანიზაციებს ევალებათ ფინანსური გამჭვირვალობის მოთხოვნების დაცვა მათი დონორების მიმართაც. შესაბამისად, თედ ჯონასი მიიჩნევს, რომ ფინანსური გამჭვირვალობის მოტივი, ამ კანონპროექტების ინიცირების მხოლოდ საბაბს წარმოადგენდა.
თედ ჯონასი განმარტავს, რომ კანონპროექტი, რომელიც ოცნების წარმომადგენელთა განცხადებით “ამერიკული კანონის თარგმანს” წარმოადგენდა, სინამდვილეში საერთოდ არ იყო ამერიკული. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ამერიკულ მოდელში გავლენის აგენტის იარლიყი არ აქვთ ამერიკულ მედია-საშუალებებს, ასევე კულტურულ, აკადემიურ ორგანიზაციებს, ამერიკის პარტნიორებს და სხვებს. ე.წ. ნათარგმნ კანონპროექტში კი ყველაზე მეტი რაოდენობით “გავლენის აგენტის” სტატუსს მიიღებდნენ ის ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან იღებდნენ დაფინანსებას.
“ეს არის სამოქალაქო სექტორის სტიგმატიზების პროცესი და არა მხოლოდ – მედიის სტიგმატიზების პროცესიცაა. კანონპროექტში დეტალურადაა გაწერილი სხვადასხვა ტიპის მედია, რომელსაც შესაძლოა აგენტის იარლიყი მიეკეროს. ეს, სხვათაშორის, ერთი საკმაოდ მკაფიო განსხვავებაა ამერიკულ კანონსა და რუსულ კანონს შორის. ამერიკის კანონმდებლობით ამერიკული მედია გამონაკლისებს შორისაა, ვისზეც კანონი არ ვრცელდება – თუკი, მედიაკომპანიის 80%–ის მფლობელი ამერიკელია, ეს მედია ავტომატურად გამონაკლისებს შორისაა. და ეს იმ შემთხვევაშიც, თუკი მას აქვს უცხოური დაფინანსება. დიახ, ისინი ცდილობენ სამოქალაქო სივრცის სტიგმატიზებას. თუმცა, სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ სამოქალაქო სექტორს საქართველოში დღეს არ აქვს იმის უნარი, რომ ცვლილების ლიდერი იყოს. მათ არ აქვთ ფართო მოსახლეობის მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ ენჯეოებმა საქართველოში კრიტიკული როლი შეასრულეს მთავრობის გადაცდომების გამოაშკარავების თვალსაზრისით და ძალიან მადლიერი ვარ იმ როლის, რასაც ისინი დღემდე ასრულებენ – თუმცა, სიმართლე მაინც ის არის, რომ იმის მიუხედავად, მოახდენდა თუ არა მთავრობა ამ სექტორის სტიგმატიზებას – ცვლილების საფუძველი აქ მაინც ხალხია. დღეს ისევ ძველი ინერცია მუშაობს – მიშა სააკაშვილზე და ნაციონალურ მოძრაობაზე აქცენტით – რაც უბრალოდ რელევანტური აღარ არის ჩვენთვის, ვისაც რეალური ცვლილება გვინდა.
ამერიკული FARA არ ვრცელდება რელიგიურ ორგანიზაციებზე, აკადემიურ ორგანიზაციებზე, კულტურულ ორგანიზაციებზე, მედიაზე – იმ შემთხვევაში, თუკი მაჟორიტარული წილი ამერიკულია და არ ვრცელდება მოკავშირეებზე – იმ ქვეყნებზე, რომლებიც პრეზიდენტის განკარგულებით თანამშრომლობენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვის და ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით. ამდენად, ამერიკული FARA-ს ფარგლებში უკანონოა რეპორტინგის მოთხოვნა იმ ორგანიზაციისგან, რომელიც დაფინანსებას ამერიკის მოკავშირისგან იღებს. არადა, საქართველოს რეალობაში გამოჩენილი კანონი არანაირ განსხვავებას არ ცნობს – და მათი რიტორიკიდანაც ვიცით, რომ პირიქით, დასავლეთის და დასავლელი მოკავშირეების წინააღმდეგაა გამიზნული. ამდენად, დღეს ქართული ოცნება დასავლეთს აიგივებს ბოლშევიკებთან და ნაცისტებთან როცა ედრება ამერიკის კანონმდებლობას, რომელიც ამერიკამ 1938 წელს მიიღო. რაიმე კითხვა როგორ რჩება იმასთან დაკავშირებით, ემსახურება თუ არა ქართული ოცნება რუსულ ინტერესს, როცა აინიცირებენ და მხარს უჭერენ კანონპროექტს, რომელიც არ ებრძვის საქართველოს მტრებს, არ ებრძვის უკრაინის მტრებს, არ ებრძვის დასავლეთის მტრებს – და პირიქით, მათ აქცევს მტრებად?”- აცხადებს თედ ჯონასი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა თბილისში გამართული მრავალათასიანი საპროტესტო აქციების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის გაეროს, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების შემდეგ უარი თქვა კენჭი ეყარა უცხოური აგენტების შესახებ ხალხის ძალის კანონპროექტებისთვის.