კომპანია fARCONI საკუთარი სანედლეულო ბაზის შექმნას გეგმავს, სადაც სამკურნალო მცენარეებს, კენკრას, დაფნას და სხვა კულტურებს მოიყვანს, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია fARCONI-ის დირექტორმა მამუკა ალფაიძემ განუცხადა. აღნიშნული კომპანია სუნელებს "ხომლის" ბრენდით აწარმოებს, სამკურნალო მცენარეებს კი ნედლეულის სახით აწვდის საექსპორტო ბაზრებს, ასევე შეფუთული სახით - ადგილობრივ სააფთიაქო ქსელს.
,, ჩვენ გვსურს 100 ჰექტარი მიწის იჯარით აღება ქუთაისთან ახლოს, სადაც სხვადასხვა კულტურებს მოვიყვანთ. ეს საშუალებას მოგვცემს საკუთარი ნედლეული ვაწარმოოთ და იმ კომპანიებთან, რომლებსაც პროდუქციას ვაწვდით, კონტრაქტები შუფერხებლად გავაფორმოთ. ამჟამად ნედლეულს ძირითადად მოსახლეობისგან ვიძენთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სოფლები იცლება, მცენარეებისა და კენკრის შემგროვებელიც ნაკლები რჩება. შესაბამისად, თავი რომ დაზღვეულად ვიგრძნოთ და სტაბილური მიწოდება ვუზრუნველყოთ, საჭიროა საკუთარი სანედლეულო ბაზის შექმნა. მთელი ევროპა და ზოგადად მსოფლიო უკვე ამ მიმართულებით მიდის და სამკურნალო მცენარეები კულტივირებული სახით მოჰყავთ“ - განაცხადა მამუკა ალფაიძემ.
მისი განმარტებით, კომპანიას საკუთარი სანედლეულო ბაზის შექმნაში 200 ათასი დოლარის ინვესტირება მოუწევს, თუმცა აქ ერთი პრობლემაა - დიდი მოცულობის მიწის ნაკვეთის იჯარით აღება, რადგან მიწა მცირე ზომის ნაკვეთბადაა მოსახლეობაზე გადანაწილებული და 100 ჰექტარის ერთიანად მოძიება კომპანიას ძალიან გაუჭირდა.
შეგახსენებთ, რომ fARCONI-ის კუთვნილი საწარმო ქუთაისში გასულ წელს ამოქმედდა, საწარმოში 250 ათასი დილარის ინვესტიცია ჩაიდო. კომპანია ISO 22 000 სერთიფიკატის მფლობელია. fARCONI პროდუქცია ექსპორტზე ამერიკაში და ჰონ-კონგში გააქვს, ამჟამად კი ევროპის ბაზრის ათვისებაზე მუშაობს.