ა(ა)იპ "საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია“ პარლამენტისგან „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის განხილვების შეჩერებას ითხოვს, - ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული.
ასოციაციის განცხადებას bm.ge უცვლელად გთავაზობთ:
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ეძლევა უფლებამოსილება გააკონტროლოს სამეწარმეო საქმიანობა მოსამართლის ბრძანების გარეშე.
აღნიშნული ცვლილებებით, მაკონტროლებელ ორგანოს ეძლევა საშუალება, თავისი შეხედულებისამებრ, ყოველგვარი დასაბუთებისა და დათქმების გარეშე განახორციელოს მეწარმის საქმიანობის კონტროლი ნებისმიერი, მისთვის სასურველი სიხშირითა და მოცულობით, რაც ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების შესაძლებლობას.
დაგეგმილი ცვლილებების აუცილებლობა არ არსებობს, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს შემოწმების დაუყოვნებლივ დაწყების შესაძლებლობას, როდესაც მაკონტროლებელი ორგანო, 24 საათის განმავლობაში, შუამდგომლობით მიმართავს მოსამართლეს. ამავდროულად, შუამდგომლობის წარდგენისას, მაკონტროლებელმა უნდა დაასაბუთოს შემოწმების გადაუდებელი აუცილებლობა.
ა(ა)იპ "საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია”, დაგეგმილ ცვლილებებს აფასებს ნეგატიურად და მოითხოვს შეჩერდეს წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვა, სანამ არ მოხდება კანონპროექტის შემუშავება დარგის სპეციალისტების და ექსპერტების ჩართულობით“, - ნათქვამია ფარმაცევტთა ასოციაციის განცხადებაში.
ცვლილების მიზანი რეგულირების სააგენტოს გაძლიერებაშია, რათა პაციენტების ინტერესები დაცული იყოს - თამარ გაბუნია