„ორი ვარიანტია ან განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ ან უნდა დავდგეთ ადგილზე და უარი ვთქვათ ყოველგვარ მოგებაზე, განვითარებაზე და რაღაცნაირად თავი შევინარჩუნოთ. ეს კერძო ბიზნესის გადასაწყვეტია, როგორ სტრატეგიას აირჩევს,“ - ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის პრეზიდენტმა და სააფთიაქო ქსელ „გეა“-ს დირექტორმა ირინა ჭელიძემ bm.ge-ისთან ლარის კურსის მერყეობაზე საუბრისას განაცხადა.
„ძალიან მტკივნეული მომენტია, გარდა იმისა, რომ წლის დასაწყისში გათვლებს ვაკეთებთ, გარკვეულ რისკებსაც ვხედავთ, თუ ჩვენ ბიუჯეტირება წლის დასაწყისში დოლარზე 2.65- 2.70-ზე გვქონდა, ასევე გათვალისწინებული იყო 3%-იანი ინფლაცია, მაგრამ ახლა ინფლაციის პროცენტმა 4.6-ს მიაღწია და ასევე, თუ ჩვენ ამ პერიოდს შარშანდელ ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, დაახლოებით 185 და 20%-ით არის ვალუტა გაუფასურებული. ჩვენ როგორც იმპორტიორებს მწარმოებლებთან გვაქვს ურთიერთობა, მათთან ვაკეთებთ 3-წლიან გეგმებს და იმაზე გათვლით, როგორი ზრდადი ან შემცირებადია მედიკამენტების მოხმარება ეს მწარმოებლის კუთხითაც ფასების გადახედვას იწვევს“, - განაცხადა ჭელიძემ.
ირინა ჭელიძის განმარტებით, ლარის კურსის გაუფასურება სწრაფ პერიოდში მოხდა და ის ეროვნული ბანკის მხრიდან ინტერვენციებს ელოდება.
„ევროს და დოლარის ნიშნული უკვე ისეთია, რომ ფასები შესაძლოა, გადასახედი იყოს. წარმოიდგინეთ, ეს პირდაპირ თვითღირებულებაზე ახდენს გავლენას. იმპორტირებულია ნედლეული, შესაფუთი მასალა - აბსოლუტურად ყველაფერი იმპორტირებულია და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გავლენას ახდენს. საფიქრალია ის, რომ საქართველოს ჰქონდეს ძლიერი ეკონომიკა, რომ ასეთ კურსთა რყევებს გაუძლოს“, - განმარტა ირინა ჭელიძემ.

























