მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფარმაცევტული სექტორისთვის იმპორტის ახალი სტანდარტის ამოქმედება 6 თვით გადავადდა

იმპორტი

მზა ფარმაცევტული პროდუქციისა და ადგილობრივი წარმოებისთვის აუცილებელი აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების იმპორტის შესახებ ახალ სტანდარტების ამოქმედება 6 თვით გადავადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ აქამდე ამოქმედების ვადად 1-ელი აპრილი იყო განსაზღვრული.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ცვლილებების გადავადების ინიციატორი თავად ფარმაცევტული სექტორი იყო. შესაბამისი გადაწყვეტილება კი ჯანდაცვის მინისტრისა და მისი პირველი მოადგილის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მიიღეს.

„ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, ფარმაცევტული სექტორისა და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა, ის ცვლილებები განიხილეს, რომლებიც ქვეყანაში, მედიკამენტებისა და მათი დამზადებისთვის საჭირო ინგრედიენტების იმპორტირებისას, შესაბამისი მარეგულირებლის მიერ გაცემული დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებას აწესებს.

ცვლილების ამოქმედება 1-ელი აპრილიდან იგეგმებოდა, თუმცა შეხვედრაზე, სექტორის წარმომადგენლებმა, ვადის გახანგრძლივების ინიციატივა დააყენეს. მხარეები, 6-თვიან გარდამავალ პერიოდზე შეთანხმდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა, სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, გაგრძელდება“,- აღნიშნულია ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

საგულისხმოა, რომ უწყებაში, მწარმოებელთა ინტერესების დასაცავად, ცვლილებების დაინიცირებას აანონსებენ. კერძოდ, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პრიორიტეტი მედიკამენტების ხარისხის კონტროლი და მომხმარებლების ინტერესების დაცვაა, თუმცა მწარმოებლების ინტერესებიც დაბალანსებულად უნდა იყოს დაცული.

„პრიორიტეტულია, საქართველოში, მედიკამენტების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა და მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალურად დაცვა, თუმცა მწარმოებელთა ინტერესების დაბალანსებულად დაცვის პირობით. მათი დაცვის პირობით, ისეთი შეზღუდვებისგან, რომელიც ჩაითვლება არასაჭიროდ, ზემოაღნიშნულ პრიორიტეტთან მიმართებით”,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციითვე, შეხვედრაზე, შეთანხმდნენ, რომ სამინისტრო, უახლოეს პერიოდში, ამ კონკრეტული მიმართულებით, შესაბამის ცვლილებებს დააინიცირებს.

ახალ სტანდარტები ერთ-ერთი საკითხია, რომელიც 20 მარტს, საქართველოს ბიზნესასოციაციაში, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომის ფარგლებში განიხილეს. ასოციაცია კომპანიებისთვის ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობის მისაღწევად მცირე ვადასთან ერთად, ხაზს უსვამდა, რომ კომპანიების აზრით, წარმოდგენილი სტანდარტები შეიძლება იმაზე მკაცრიც კი იყოს, ვიდრე აშშ-სა და ევროპაშია.

მზა ფარმაცევტული პროდუქციისა და ადგილობრივი წარმოებისთვის აუცილებელი აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების საქართველოში იმპორტის ახალი წესები მთავრობის 51-52 დადგენილებებით განისაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები