"ფაროსანასთან აქტიური ბრძოლა ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება"
მაია ბიწაძე
26.06.18 11:48
• 546
სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ზურაბ ჩეკურიშვილის განცხადებით, წელს საგრძნობლად არის შემცირებული ფაროსანას პოპულაცია და მავნებელი კონტროლს და მართვას ექვემდებარება.
როგორც მან "საქმიანი დილის" ეთერში განამარტა, დღეის მდგომარეობით საქართველოში დამუშავებულია 220 ათასი ჰექტარი ტერიტორია, რაც დაახლოებით 36 სოფელია.
"ძირითადად ეს არის დასავლეთ საქართველო, საბედნიეროდ შევძელით და ფაროსანა არ გვყავს აღმოსავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში დღეის მდგომარეობით სურათი რადიკალურად განსხვავებულია, პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირებულია. ჩვენი ძირითადი მიზანი პირველ ეტაპზე იყო განგვეთავსებინა მონიტორინგის სისტემები საქართველოს მასშტაბით, რაც შევძელით და დაახლოებით 50 ათასი ასეთი სადგურია განთავსებული. ეს არის გარემოსათვის მეგობრულ მიდგომებზე დაფუძნებული სადგურები, რომლებიც ტყეების და სოფლების პერიმეტრებზე განლაგდა და მიდიოდა 24 საათიანი მონიტორინგი. შემდეგ ჩვენ გადავედით აქტიურ ღონისძიებებზე, წამლობებზე, როდესაც ფაროსანამ გამოიზამთრა, გამოვიდა საცხოვრებლიდან და ემზადებოდა მომავალი თაობის რეპროდუქციისთვის, ჩვენი მიზანი იყო, რომ სწორედ ამ დროს გაგვენადგურებინა მავნებელი. ჩვენ ეს პრობლემა გადავჭერით, როგორც მოსახლეობა იძახის ფაროსანას ზრდასრული ფორმები შედარებით ნაკლებია. ეხლა ვართ იმ ფაზაში, რომ ახლად დაბადებული მომავალი თაობაც შევამციროთ" - განაცხადა ჩეკურიშვილმა.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, ფაროსანასთან ბრძოლა ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება, ვიდრე დასავლეთ საქართველოში საბოლოო მოსავალი არ დაბინავდება.
"შარშან ჩვენ ვიყავით ცეცხლის მქრობელის პოზიციაში, არ ვიცოდით როგორ მოიქცეოდა მავნებელი საქართველოს კლიმატურ პირობებში, მაგრამ ერთწლიანი გამოცდილების პირობებში უკვე ვიცით როგორ მოიქცევა ის. 4-5 კვირა დაგვრჩა, რომ თხილის მოსავალი შევინარჩუნოთ, მაგრამ ფაროსანა მხოლოდ თხილზე არ მავნებლობს. ჩვენ უკვე დავიწყეთ სიმინდის ფართობების პერიმეტრების დამუშავება და ვემზადებით სიმინდის დასაცავად. შემდეგ შესაძლოა ეს გადავიდეს ციტრუსში, ასე რომ ნოემბრის ჩათვლით, მთელი ჩვენი გუნდი ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ასეულობით ათას ოჯახს საქართველოში ჰქონდეს მოსავალი და არ დარჩეს შემოსავლის გარეშე", - განაცხადა ზურაბ ჩეკურიშვილა.